ახალი ამბები

ტეხასში აშშ-ის საზღვრის გადაკვეთისას 3 მიგრანტი დაიხრჩო

14 იანვარი, 2024 •
ტეხასში აშშ-ის საზღვრის გადაკვეთისას 3 მიგრანტი დაიხრჩო

აშშ-ის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ტეხასში სასაზღვრო პატრულს „ფიზიკურად შეუშალეს ხელი“, რომ გადაერჩინათ მიგრანტები, რომლებიც მდინარეში დაიხრჩვნენ.

CBS-ის ცნობით, მდინარე რიო გრანდეში ქალი და ორი ბავშვი დაიხრჩო მაშინ, როცა ისინი ცდილობდნენ აშშ-ში შესვლას სამხრეთ საზღვრის იმ მონაკვეთიდან, სადაც ტეხასის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა ხელი შეუშალეს ფედერალურ სასაზღვრო პატრულს მიგრანტების შემოწმებასა და გადარჩენაში.

აშშ-ის ფედერალური ოფიციალური პირების და ტეხასის კონგრესმენის განცხადებით, ტეხასის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის გრეგ ებოტის ბრძანებით ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა სასაზღვრო პატრულს მიგრანტების გადარჩენის მცდელობის უფლება არ მისცეს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ტეხასის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა მოულოდნელად აიღეს კონტროლი Eagle Pass-ის პარკზე, რომელსაც სასაზღვრო პატრული მიგრანტების დასაკავებლად იყენებდა. მათი განცხადებით, ეს არის ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მიგრანტების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის თავიდან აცილებას.

CBS-ის თანახმად, ესაა ბოლო ესკალაცია ტეხასის რესპუბლიკელ გუბერნატორ გრეგ ებოტსა და აშშ-ის დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის აშშ-ს სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაღრმავებულ პოლიტიკურ და იურიდიულ დაპირისპირებაში.

დემოკრატი კონგრესმენის, ჰენრი კუელარის განცხადებით, პარასკევს ღამით, სასაზღვრო პატრულმა დაადგინა, რომ Shelby-ის პარკის მახლობლად, მდინარე რიო გრანდეში მიგრანტები გასაჭირში იმყოფებოდნენ. თუმცა მისი თქმით, ფედერალური აგენტები ამაოდ ცდილობდნენ ტელეფონით დაკავშირებოდნენ ტეხასის შტატის ოფიციალურ პირებს არსებული სიტუაციის შესახებ.

კუელარის თქმით, როდესაც სასაზღვრო პატრულის წარმომადგენლები მიგრანტების დასახმარებლად პარკში მივიდნენ, მათ ტეხასის სამხედრო დეპარტამენტის ჯარისკაცებმა შესვლაზე უარი უთხრეს.

„ტეხასის სამხედრო დეპარტამენტის ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მისცემდნენ მიგრანტებთან წვდომას – თუნდაც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში – და რომ გაგზავნიდნენ ჯარისკაცს სიტუაციის გამოსაძიებლად,” – თქვა კუელარმა და აღნიშნა, რომ მექსიკელმა ოფიციალურმა პირებმა შაბათს სამი ცხედარი აღმოაჩინეს.

CBS-ის ცნობით, კონგრესმენ ჰენრი კუელარის ნაამბობი პრესას დაუდასტურა აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის (CBP) ოფიციალურმა წარმომადგენელმაც.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) განცხადებით, ტეხასის ოფიციალურმა პირებმა ხელი შეუშალეს სასაზღვრო პატრულს, რომ მიგრანტები გადაერჩინათ.

„ქალი და ორი ბავშვი ტრაგიკულად დაიხრჩო Shelby-ის პარკთან, რომელსაც მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ტეხასის შტატი აკონტროლებს“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა.

თეთრი სახლის სპიკერის, ანჯელო ფერნანდეს ერნანდესის განცხადებით, მექსიკის მთავრობის ზარის საპასუხოდ, ტეხასის ოფიციალურმა პირებმა ფიზიკურად აუკრძალეს სასაზღვრო პატრულის წარმომდგენლებს ტერიტორიაზე შესვლა. მისი თქმით, ტეხასის ჯარისკაცებმა „დაბლოკეს აშშ-ს სასაზღვრო პატრულის მცდელობა, სასწრაფო დახმარება გაეწიათ“ მიგრანტებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ფაქტების შეგროვებას ამ ტრაგიკული სიკვდილის გარემოებების შესახებ, ერთი რამ ცხადია: გუბერნატორ აბატის პოლიტიკური ტრიუკები სასტიკი, არაადამიანური და საშიშია“, – დასძინა ფერნანდეს ერნანდესმა.

CBS-ის ცნობით, ტეხასის სამხედრო დეპარტამენტმა, რომელიც შტატის ეროვნულ გვარდიას მეთვალყურეობს, დაადასტურა, რომ „გასაჭირში მყოფი მიგრანტების“ შესახებ
სასაზღვრო პატრული პარასკევს ღამით დაუკავშირდა.

ტეხასის სამხედრო დეპარტამენტის განცხადებით, ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა „აქტიურად შეამოწმეს მდინარე განათებითა და ღამის ხედვის აღჭურვილობით“, მაგრამ გასაჭირში მყოფი მიგრანტები ან ცხედრები ვერ იპოვეს.

მათივე ცნობით, შტატის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა ძებნა მას შემდეგ შეწყვიტეს, როცა მექსიკელი ოფიციალური პირები შენინშეს, რომლებიც “მდინარის სანაპიროს მექსიკის მხრიდან რეაგირებდნენ ინციდენტზე“. ამასთან, დეპარტამენტის თანახმად, სასაზღვრო პატრულმა განაცხადა, რომ მექსიკის ხელისუფლებას დახმარება არ სჭირდება.

ტეხასის ეროვნული გვარდიის ნაბიჯები შეშფოთებას იწვევს აშშ-ის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებისთვის. მათ გააფრთხილეს ტეხასის უზენაესი სასამართლო ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

ფედერალური ოფიციალური პირების განცხადებით, ტეხასმა გამოიყენა შეიარაღებული ჯარისკაცები, მანქანები და ღობეები სასაზღვრო პატრულის წარმომადგენლების ფიზიკურად დასაბლოკად.

CBS-ის ცნობით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) ტეხასის ოფიციალურ პირებს მიმართა.

„საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით ტეხასის მიერ ფედერალური ხელისუფლების უხეში უგულებელყოფა სერიოზულ რისკებს ქმნის. ტეხასის შტატმა უნდა შეწყვიტოს ჩარევა აშშ-ს სასაზღვრო პატრულის მიერ აშშ-ს კანონის აღსრულებაში“, – განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი