ახალი ამბები

ამ ყველაფრის შედეგი იქნება ძალიან ცუდი — გოგრიჭიანი კინოცენტრში მიმდინარე პროცესებზე

15 ივნისი, 2023 •
ამ ყველაფრის შედეგი იქნება ძალიან ცუდი — გოგრიჭიანი კინოცენტრში მიმდინარე პროცესებზე

ქართველი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი ეროვნულ კინოცენტრში განვითარებულ პროცესებს ეხმიანება. ის მხარს უჭერს კინოცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მათი დამოუკიდებლობის შებღალვის საფრთხეებზე საუბრობენ.

საუბარია კინოცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციაზე, რომლის შედეგადაც გათავისუფლდა თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის, საერთოდ გაუქმდა დირექტორის მოადგილეების შტატი.

გოგრიჭიანი “ფორმულასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი დღეს ქართულ კინოს რაიმე წარმატება გააჩნია, ეს “კინოცენტრის ინერციის” შედეგია:

“…მე მივეკუთვნები იმ ხალხის რიცხვს, ვისაც ახსოვს ის პროცესი, რასაც დღეს ჩვენ ქართულ კინოს ვეძახით – ამას ვამბობ იმიტომ, რომ მქონდა თანდასწრება და ვიყავი იმ ფილმების მონაწილე, რომლებმაც დიდი ხნის პაუზის შემდეგ, პირველად მოახერხეს კინოსთვის იმ მნიშვნელოვან სივრცეში მოხვედრა, სადაც ყოველთვის იყო ქართული კინოს ადგილი, მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ, რაღაცნაირად ვერ ხერხდებოდა.

ეს დამსახურება არის მხოლოდ ეროვნული კინოცენტრის და იმ ზუსტად, სწორად დასახული სტრატეგიის, რაც გააჩნდა ამ ინსტიტუციას დასაწყისიდანვე, რადგან მგონია, რომ ის წარმოადგენს ევროპულად თანამედროვე სისტემას, ნაწილია მისი და მის გარეშე შეუძლებელია, გადარჩეს დამოუკიდებელი კინო…

თუკი რაიმე წარმატება გააჩნია ქართულ კინოს და მეტიც, იმ ადამიანებს ან გნებავთ, ეს წარმატებაც კი, ეს არის შედეგი მარტო იმ ინერციის, რაც ჰქონდა კინოცენტრს, რაც დღეს მგონია, რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა”.

ამავე ინტერვიუში მსახიობმა ეროვნული კინოცენტრის დისკრედიტაციის მცდელობაზე ისაუბრა.

“მე მგონია, რომ მთელი ეს რაღაცნაირი ცრუ ინფორმაციები მიმართულია არა ჩვენკენ, რომლებმაც ვიცით და რომლებსაც გაგვაჩნია მახსოვრობა, არამედ იმ ხალხისკენ, რომლებიც არ არიან ამ სექტორის წარმომადგენლები, არ არიან დეტალურად ჩახედულები, თუ რა ხდება. მე მგონია, რომ ყველაზე მთავარი იქნება, იმ ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს ყველაფერი არის ცრუ და სინამდვილეში, სხვა რამესთან გვაქვს საქმე. თორემ ვინც [ამას] აკეთებს, მასთან საერთოდ არც მგონია, რომ ლაპარაკს აზრი ჰქონდეს.

ადამიანი, რომელიც დიალოგზე არ მოდის, სტრუქტურა აქვს მთლიანად დახურული და არ ელაპარაკება იმ სექტორს, რომელსაც წარმოადგენს, მე არ მგონია, რომ საერთოდ ამ ადამიანთან რამე დიალოგს აზრი ჰქონდეს”, — დასძინა გოგრიჭიანმა.

მსახიობის ფიქრობს, რომ “იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა ამ გადაწყვეტილებებს იღებენ”, ან არ იციან, რა შედეგი მოჰყვება ამ ქმედებებს, ან იციან და ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდება:

“შესაბამისად, ამ ყველაფრის შედეგი იქნება ძალიან ცუდი”.

თორნიკე გოგრიჭიანი ფიქრობს, რომ პროცესების გასაჯანსაღებლად ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის სოლიდარობაა საჭირო.

“თუ მართლა გვინდა და გვსურს, რომ ქართულმა კინომ იარსებოს იმ სახით, რაც არის და კიდევ უფრო წინ წავიდეს, მგონი, რომ მხოლოდ სოლიდარობის დიდი მასშტაბი მოახდენს ამას და საქმეც ამ შემთხვევაში გაკეთდება”, — დასძენს ის.


საქართველოს კინემატროგრაფიის ეროვნულ ცენტრში “რეორგანიზაციის” დაწყების ამბავი მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი. პროცესის შედეგად, 12 ივლისიდან თანამდებობების დატოვება მოუწევთ დირექტორის მოადგილეებს, ნინო კუხალაშვილსა და მაკო ჭილაშვილს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროზე დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. ამ პროცესში სხვადასხვა უწყებიდან ათეულობით ადამიანი უკვე გაათავისუფლეს.

ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან.

კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას თანამშრომლების ნაწილმა საერთო განცხადებით უპასუხა. 12 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კულტურის სამინისტრო ცდილობს დაიქვემდებაროს ამ დრომდე დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ხელმომწერები მოითხოვენ:

  • კონკურსის გზით დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად.
  • დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან.

ამასთან, მიმდინარე კვირაში დადასტურდა, რომ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ პროსახელისუფლებო POSTV-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია დანიშნეს.

“რეორგანიზაციების საკითხებში ჩავერთვები, შევისწავლი, როგორ მოქმედებს, ფუნქციონირებს კინოცენტრი. გავიგებ, ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს, ვეცდები ამის გამოსწორებას. მაგასაც გავარკვევ, რატომ არის ეს პროტესტის საგანი”, — უთხრა ოდიშარიამ ჟურნალისტს.

გარეკანის ფოტო: პირველი არხი #ტელესკოლა

მასალების გადაბეჭდვის წესი