ახალი ამბები

„დირექტორის კონკურსით დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაცია“ — კინოცენტრის თანამშრომლები

12 ივნისი, 2023 • 1086
„დირექტორის კონკურსით დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაცია“ — კინოცენტრის თანამშრომლები

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კულტურის სამინისტრო ცდილობს დაიქვემდებაროს ამ დრომდე დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

საუბარია კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციაზე, რომლის შედეგადაც გათავისუფლდა თანამშრომელთა ნაწილი, მათ შორის, საერთოდ გაუქმდა დირექტორის მოადგილეების შტატი.

„კვირას, 10 ივნისს სამინისტროს მიერ დანიშნულმა დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ გამოაცხადა სრულიად ბუნდოვანი რეორგანიზაცია, ყოველგვარი საფუძლის გარეშე. მისი პირველი ნაბიჯი კი აღმოჩნდა დირექტორის მოადგილეების შტატის გაუქმება.

აღნიშნული რეორგანიზაცია აღიქმება პირდაპირ მცდელობად, მოექცეს კინო კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონიუქტურის ქვეშ და ყველა კინოცენტრის ხელთ არსებული ბერკეტი მიმართოს სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისაკენ“, – წერია განცხადებაში.

თანამშრომლები მოითხოვენ, გატარდეს შემდეგი ნაბიჯები – „ნაბიჯები, რათა თავიდან ავიცილოთ შეუქცევადი პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს სფეროსა და სფეროს წარმომადგენლებს“.

  • კონკურსის გზით დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად.
  • დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან.

თანამშრომლები მიმართავენ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ თუკი მხარს უჭერთ ამ მოთხოვნას.


საქართველოს კინემატროგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზიის შედეგად 12 ივლისიდან თანამდებობების დატოვება მოუწევთ ნინო კუხალაშვილსა და მაკო ჭილაშვილს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს, ათავისუფლებენ.

ამ თემაზე წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი