სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს 12 რეკომენდაციის შესრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, “ტვიტერზე” დაწერა.
ვარჰეის სიტყვებით, ღარიბაშვილთან საუბრისას ცენტრალური საკითხი იყო ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მხრიდან რეფორმების გატარების მცდელობებს ეხება.
“[პრემიერ-მინისტრს] მოვუწოდე, დააჩქაროს საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელება, რათა საქართველომ შეძლოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე”, — აღნიშნავს ვარჰეი.
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის 14 ივნისს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების „დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთანაც ჰქონდა შეხვედრა.
როგორც ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ დაწერა, მან მიშელთან ხაზგაზმით აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა.
ღარიბაშვილთან შეხვედრას ტვიტერზე გამოეხმაურა შარლ მიშელიც, რომელმაც ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ ახლა საქართველოს სისტემური რეფორმები სჭირდება ისე, როგორც არასდროს.
2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.
ამასთან, სამივე ქვეყანას განესაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს.
პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.
ცნობილია, რომ ევროკომისია მიმდინარე წლის 22 ივნისს წარადგენს ზეპირ მოხსენებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
ევროკომისიის ზეპირ მოხსენებას ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 21-22 ივნისს სტოკჰოლმში გაიმართება.
ამავე თემაზე:
“უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში” — რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანულ დოკუმენტში