ახალი ამბები

„ახლა უფრო მეტად საჭიროა სისტემური რეფორმები “ – მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

14 ივნისი, 2023 • 930
„ახლა უფრო მეტად საჭიროა სისტემური რეფორმები “ –  მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა, მან მიშელთან ხაზგაზმით აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე.

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ტვიტერზე გამოეხმაურა შარლ მიშელიც, რომელმაც ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა, რომ ახლა საქართველოს სისტემური რეფორმები სჭირდება ისე, როგორც არასდროს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხისთვის“, – წერს შარლ მიშელი.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების „დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები“.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი