პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი „ძირს გამოუთხრის რამე მნიშვნელოვან ღირებულებას საქართველოში“.
„იგივე შინაარსის კანონთან მიმართებით გვახსოვს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასება, რომელიც ამბობდა, რომ ეს იყო კარგი კანონი და უკრაინას ამ კანონის აღსრულებაზე უნდა დაეწყო უშაობა. ასეთ დროს საქართველოსთან მიმართებაში რატომ შეიძლება იყოს განსხვავებული ეს მოსაზრებები და შეხედულებები, არავისთვის გასაგები არ იქნება“, — განაცხადა სარჯველაძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას.
„ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის კანონპროექტის იდენტურია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მიერ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად დაასახელა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. თუმცა ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინის მიმართ იყო ანტიოლიგარქიული კანონის იმპლემენტაცია ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად. ვენეციის კომისია (რომელიც არა ევროკავშირის, არამედ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ორგანოა) დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონსაც ნეგატიურად აფასებს.
ვენეციის კომისიას ჯერ კიდევ მარტში უნდა მიეღო უკრაინის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შესახებ მოსაზრება, თუმცა, კიევის თხოვნით, დასკვნის გამოქვეყნება გადადო.
უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ 9 ივნისს განაცხადა, რომ ვენეციის კომისიამ უკრაინას ანტიოლიგარქიული კანონის იმპლემენტაციის გადადების რეკომენდაცია მისცა. მან ეს ახსნა ომის შედეგად ბალანსის შეცვლით. თუმცა დეპუტატმა სერხიი ვლასენკომ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან ნეგატიურია უკრაინისთვის და მასშიც საუბარია ინდივიდუალურის ნაცვლად სისტემური მიდგომის საჭიროებაზე. ასევე, გაკრიტიკებულია ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ ოლიგარქების გამოვლენა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა; და თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას, კანონი არ ამოქმედდება.
ვენეციის კომისიამ საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა საბოლოო მოსაზრება, რომელშიც წერს, რომ კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია. ვრცელ დოკუმენტში პუნქტობრივადაა მიმოხილული როგორც საქართველოს კონტექსტი, ასევე, კანონპროექტი და მისი სუსტი მხარეები. დასკვნის სახით კი ნათქვამია, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.
ვენეციის კომისია: ეს კანონპროექტი ოლიგარქიზაციას ვერ დაძლევს