ახალი ამბები

„2015 წლიდან დღემდე საქართველოდან დაახლოებით 700 ათასი კატალიზატორი გაიტანეს“ — მეგრელიშვილი

13 ივნისი, 2023 • 945
„2015 წლიდან დღემდე საქართველოდან დაახლოებით 700 ათასი კატალიზატორი გაიტანეს“ — მეგრელიშვილი

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნოე მეგრელიშვილი მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნავს, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის მთავარ დამაბინძურებლად კვლავ ავტომობილების გამონაბოლქვია.

მეგრელიშვილის თქმით, 2015 წლიდან დღემდე საქართველოდან დაახლოებით 700 000 კატალიზატორი გაიტანეს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მილიონამდე მანქანა მოძრაობს, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია:

„სამწუხაროდ, ძალიან მასშტაბურია ეს პრობლემა. ჩვენთან რეგისტრირებული მანქანების ავტოპარკი მილიონ-ნახევარია, თუმცა გზაზე, რა თქმა უნდა, ამდენი არ დადის, ნაკლებია. თუ ჩავთვლით, რომ დაახლოებით მილიონი მანქანა დადის ჩვენს გზებზე, 700 000 უკატალიზატორო ავტომობილი ძალიან მძიმე სურათია.

სწორედ ამიტომ, 2020 წლის აპრილიდან დარეგისტრირებულ მანქანებს მოეთხოვებათ, რომ აუცილებლად ჰქონდეთ კატალიზატორი და ტექინსპექტირებისას ეს მოწმდება. ეს რომ არ იყოს ნათხოვარი კატალიზატორი, გზებზე ინსპექტირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“ — აცხადებს მეგრელიშვილი.

12 ივნისის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან უცხოეთში კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. ამასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში შეიზღუდება 2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების შემოყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი