ახალი ამბები

ახალციხე-აპინძის გზაზე 23 ტონა ბიტუმი დაიღვარა, ნაწილი მტკვარშიც ჩაიქცა

18 თებერვალი, 2022 • 1640
ახალციხე-აპინძის გზაზე 23 ტონა ბიტუმი დაიღვარა, ნაწილი მტკვარშიც ჩაიქცა

ახალციხე-ასპინძის გზაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა და 23 ტონა ბიტუმი, რომელიც გადაჰქონდა, გზაზე დაიღვარა, ნაწილი კი მდინარე მტკვარში ჩაიქცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, როგორც ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა, მძღოლს ადმინისტრაციული წესით დააჯარიმებენ.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა:

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლითა (მიწის დაბინძურება, დეგრადაცია ან სხვაგვარი გაუვარგისება) და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით (წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა)“, – ამბობენ უწყებაში.

მთავარი ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი