ახალი ამბები

არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა — იოსელიანი თავისივე მოადგილის განცხადებაზე

12 ივნისი, 2023 •
არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა — იოსელიანი თავისივე მოადგილის განცხადებაზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თავისი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის განცხადებას ეხმიანება.

კერძოდ, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია ჯულაყიძის გამოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ.

განსაკუთრებით კრიტიკის ქვეშ მოექცა ომბუდსმენის მოადგილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის მანდატსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე საუბრობდა.

ლევან იოსელიანის თქმით, არ იცის, რამ გამოიწვია გაუგებრობა.

„შეუძლებელია, სახალხო დამცველი ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის, სასამართლოს რეფორმირებასა და მონიტორინგს, ვინაიდან ეს შესაბამისი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. მე არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ სამუშაო შეხვედრებში, დღესაც ვამონიტორინგებთ კონკრეტულ საქმეებს, დავდივართ წინასწარი დაკავების იზოლატორებში… ეს, ბუნებრივია, ჩვენი მანდატის ნაწილია და ამას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.


8 ივნისს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ნათია ჯულაყიძემ სასამართლო სისტემაზე საუბრისას თქვა, რომ ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატი შეზღუდულია.

ომბუდსმენის მოადგილემ ასევე ისაუბრა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არასამთარობო ორგანიზაციების ჩართულობაზე.

კერძოდ, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი თქვეს 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე. თუმცა ჯულაყიძეს არ უხსენებია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის საშუალება „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი