ახალი ამბებიეკონომიკა

დონორების დაფინანსებული პროექტების დაბალი ათვისებისთვის საქართველოს 2.4 მლნ ლარის გადახდა მოუწია

5 ივნისი, 2023 • 3289
დონორების დაფინანსებული პროექტების დაბალი ათვისებისთვის საქართველოს 2.4 მლნ ლარის გადახდა მოუწია

დონორების დაფინანსებული პროექტების დაბალი ათისების გამო საქართველოს 2.4 მილიონი ლარის გადახდა მოუწია.

ამის შესახებ ნათქვამია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. საქართველოს მიერ გადახდილი ე.წ. ვალდებულების გადასახადი 2021 წელთან შედარებით ორჯერ შემცირებულია.

აუდიტის სამსახურის თანახმად, გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას.

საგარეო წყაროებიდან მოზიდული 60%-ზე დაბალი ათვისების 7 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 2.4 მლნ ლარს შეადგენს.

აღნიშნული 7 კრედიტიდან 5-ზე 2021 და 2020 წლებშიც გადახდილ იქნა ვალდებულების გადასახადი, შესაბამისად, 2.4 მლნ და 2.3 მლნ ლარის მოცულობით.

ეს პროექტებია:

წყარო: აუდიტის სამსახური

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვალდებულების დაკისრება სასიამოვნო არ არის, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ეს ობიექტური პირობებით არის გამოწვეული.

„ეს იყო დაახლოებით შვიდამდე პროექტის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, რომ არის ათობით პროექტი , რომელიც ფინანსდება მათ შორის საერთაშორისო დონორების მხრიდან და ასობით მილიონი, თუ არა მილიარდობით თანხა. შესაბამისად, 2 მილიონზე როცა ვსაუბრობთ, თითოეულ პროექტს გააჩნია ასეთი ტიპის ჩანაწერი. 2 მილიონი ლარის გადახდა არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ შეიძლება სხვა უფრო მეტი ფაქტორი იყოს, რომელზეც უშუალოდ რეციპიენტი [მიმღები] ორგანიზაციები საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ. ხშირ შემთხვევაში არის ობიექტური მიზეზები და პირობები, რის გამოც არ ხდება ამა თუ იმ პროექტის სრულად ათვისება. ეს არის მოსახლეობასთან შეთანხმება, სხვადასხვა საკითხები, რომელიც პროექტის განხორციელების პროცესში იჩენს ხოლმე თავს“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ ობიექტური პროცესი გასათვალისწინებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი