ახალი ამბები

„წულუკიანი უკმაყოფილო იყო ივანიშვილის ხეებზე სალომე ჯაშის ფილმით“ – გაგა ჩხეიძე

5 აპრილი, 2022 • 1809
„წულუკიანი უკმაყოფილო იყო ივანიშვილის ხეებზე სალომე ჯაშის ფილმით“ – გაგა ჩხეიძე

ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე, რომელიც თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, აცხადებს, რომ პირველი უთანხმოება თეა წულუკიანთან, ჯერ კიდევ მინისტრად დანიშვნამდე, უკავშირდებოდა სალომე ჯაშის ფილმს „მოთვინიერება“.

ჩხეიძის თქმით, რომელიც თანამდებობიდან უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი თვით ადრე გაათავისუფლეს, ჯერ კიდევ პარლამენტში მუშაობისას თეა წულუკიანმა ჩხეიძესთან შეხვედრაზე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ფილმში კინოცენტრის ფული დაიხარჯა. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებაა. 2016-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში გიგანტურ ხეებს თხრიდა და ზღვით გადაჰქონდა შეკვეთილში, დენდროპარკში.

ფილმი სწორედ საქართველოში ყველასთვის ცნობილ პროცესს ასახავს – ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების შესყიდვასა და გადარგვას, თუმცა სურათში ამბავი ალეგორიულადაა მოთხრობილი, როგორც მითი ბუნების, სამყაროს მოთვინიერების შესახებ:

„ქალბატონი თეა წულუკიანი დაინიშნა კულტურის მინისტრად ზუსტად ერთი წლის წინ და უნდა გითხრათ, რომ თავიდანვე ძალიან რთულად აეწყო ჩვენი ურთიერთობა. არანაირი თანამშრომლობა, კოოპერაცია სამინისტროსა და მის სსიპ-ს შორის არ არსებობდა ამ წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, უპასუხოდ რჩება ყველა ჩვენი წერილი სამინისტროსთვის მიწერილი სხვადასხვა პრობლემებზე, იყო ეს დაფინანსების გაზრდა თუ მიმდინარე საკითხები.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, როცა ქალბატონი თეა ჯერ კიდევ პარლამენტში იყო, ჩვენი საუბარი დაიწყო ერთი ფილმის განხილვით. ეს გახლავთ სალომე ჯაშის „მოთვინიერება“, რომლის პრემიერითაც უკმაყოფილო იყო ქალბატონი თეა. უკმაყოფილო იყო იმითაც, რომ კინოცენტრმა სახელმწიფო ფული დახარჯა ამ ფილმზე. მისთვის მიუღებელი იყო ის გზავნილიც, რომელსაც ეს ფილმი ავრცელებს და თვითონ კინორეჟისორის გამოთქმული შეხედულებები“, – ამბობს ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი.

ამასთან, ამავე შეხვედრაზე, ჩხეიძის თქმით, წულუკიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ პეტიციის გამო, რომელიც მოითხოვდა, კულტურის მინისტრად არ დაენიშნათ. ჩხეიძე განმარტავს, რომ წულუკიანმა კინოცენტრის თანამშრომლები დაადანაშაულა პეტიციის ხელმოწერაში. თავად ყოფილი დირექტორი კი აღნიშნავს, რომ ხელმომწერთა შორის მისი თანამშრომლები არ ყოფილან.

გაგა ჩხეიძის განცხადებით, ეს იყო ბოლო შეხვედრა, რომელიც თეა წულუკიანთან გამართა და მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არაერთი წერილისა და მოწვევის მიუხედავად, კინოცენტრში არათუ თავად მინისტრი, მისი მოადგილეებიც კი არ მისულან. ჩხეიძე აღნიშნავს, რომ  უფლებამოსილება 3 წლით ჰქონდა განსაზღვრული და გათავისუფლებიდან 1 თვეში ისედაც უწევდა პოსტის დატოვება. თუმცა, მისი თქმით, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გამო, წულუკიანმა მისი გათავისუფლება დააჩქარა:

„ეროვნულ კინოცენტრს აქვს ურთიერთობა მოსკოვის სახელმწიფო არქივთან, რომელსაც ჩვენ პერიოდულად ვურიცხავთ თანხას, რომ დაამზადონ ქართული ფილმების ასლები. ეს არის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჩვენ ჩამოგვაქვს ქართული ფილმები და ხდება დიგიტალიზაცია საქართველოში. 480 000- ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ჩვენ ჩავთვალეთ კინოცენტრში, რომ ამ ეტაპზე, როცა საშინელებებს სჩადის პუტინის ხელისუფლება უკრაინაში, შეუძლებელია, ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუციამ გადარიცხოს თანხა, რომელიც პირდაპირ ხმარდება რუსეთის სამხედრო მანქანას.

რადგან ამას კინოცენტრი აკეთებს, ჩვენ შევთავაზეთ მინისტრს, რომ ეს ხელშეკრულება შეჩერებული ყოფილიყო, სანამ ომი დამთავრდება და შემდეგ გაგრძელებულიყო ეს პროცესი, გათვალისწინებული თანხა დახარჯულიყო ქართულ კინოინდუსტრიაზე. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ჩემი გათავისუფლების, რადგან, ფაქტობრივად, ჩვენ გამოვთქვით პოზიცია, რომელიც არ ემთხვეოდა სამინისტროს პოზიციას“, — აცხადებს გაგა ჩხეიძე.

მისი თქმით, ამ მოვლენიდან ერთ კვირაში მასთან აუდიტის თანამშრომლები მივიდნენ, აცნობეს გადაწყვეტილება, მოგვიანებით კი აუდიტის დასკვნა გაუგზავნეს, რომელსაც მისი გათავისუფლება ეფუძნებოდა.

ჩხეიძეს ეჭვი აქვს, რომ აუდიტის აღნიშნული დასკვნა მოგვიანებით შეიცვალა და მასში ახალი ბრალდებები გაჩნდა. კინოცენტრის ყოფილი დირექტორი აღნიშნავს, რომ დასკვნა 30 აგვისტოს უკვე მზად იყო, თუმცა დღის სინათლე მხოლოდ 7 თვის შემდეგ იხილა:

„არსებობს ეჭვი, რომ აუდიტის დასკვნაში რამდენიმე წინადადება მოგვიანებითაა ჩამატებული. თავიდან იგზავნება აუდიტის წინასწარი დასკვნა, რომელსაც ეცნობა სსიპი. ამ დასკვნაში სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, ეს სიტყვა ნახსენები არ ყოფილა. მარტში ჩვენ ვიგებთ, რომ თურმე რამდენიმე საკითხზე სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებია. ფონტის სიდიდითაც განსხვავდება ეს წინადადებები, რაც მიანიშნებს ალბათ იმაზე, რომ მოგვიანებით დაემატა“, – აცხადებს გაგა ჩხეიძე.

ჩხეიძის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტები დაიცავენ. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, სახეზეა საკადრო წმენდა კულტურის სამინისტროში. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ჯამში, ერთი და იგივე მეთოდით 70-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული, რომელთაგან 22-ის ინტერესებს იცავს „სამართლიანი არჩევნები“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“:

„საკადრო წმენდა გვაქვს კულტურის სფეროში. 70-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. ერთი და იგივე ქმედებებით ხდება ეს. თეა წულუკიანი ცდილობს სხვადასხვა სსიპ-ების თუ ააიპ-ების საქმიანობაში ჩარევას და თუკი ის ვერ ახერხებს, რადგან ხელმძღვანელები თუ თანამშრომლები არიან პრინციპულები და ერთგული თავისი საქმის, შემდეგ ცდილობს სხვადასხვა მიზეზების მოფიქრებას იმისათვის, რომ ეს ადამიანები გაათავისუფლონ“, – ამბობს ნინო დოლიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი