ახალი ამბები

მდინარაძის აზრით, პრეზიდენტს ხალხის რეაქციამ აიძულა, ევროპარლამენტში ტონი შეერბილებინა 

31 მაისი, 2023 • 912
მდინარაძის აზრით, პრეზიდენტს ხალხის რეაქციამ აიძულა, ევროპარლამენტში ტონი შეერბილებინა 

მამუკა მდინარაძე, პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას და ამბობს, რომ მისი ტონი დღეს “გაცილებით დარბილებული იყო”. 

“შერბილებული ტონი უზრუნველყო ხალხის აბსოლუტურმა სწორმა რეაქციამ. ოღონდ ერთი უნდა დავამატო. ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ როცა საქართელოს პარლამენტში გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზე როცა გამოდის –  ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომ აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ სხვანაირი, შედარებით დაბალანსებული, ერთი და იგივეა”, – განაცხადა მდინარაძემ 31 მაისს. 

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოს ევროპულ არჩევნაზე, მან მოუწოდა ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მანამდე კი,  თბილისში, 26 მაისს სიტყვის გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა მთავრობა რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის და ანტიდასავლური განცხადებების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი