პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
თავის ვრცელ სიტყვაში ზურაბიშვილმა საქართველოსა და ევროპას შორის ისტორიულ კავშირზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოს ისტორიული არჩევანია, რაც ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, არამედ უალტერნატივოა. ამასთან, ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოში კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფო სტრუქტურებს, ევროინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგან.
მისი თქმით, ევროპული ოჯახის წევრობა ერთადერთი გარანტიაა საქართველოს დამოუკიდებლობისა და უკეთესი მომავლისთვის.
„ევროპისკენ ჩვენი მოგზაურობის ამ გადამწყვეტ დროს, როგორც პრეზიდენტს, მსურს, რომ საქართველომ გადალახოს შიდა და საერთაშორისო გამოწვევები და მტკიცედ დაადგეს სრულფასოვანი ევროპული ინტეგრაციის გზას. ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რომ საქართველოს მიანიჭოთ თქვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან საქართველომ ზოგიერთი შეასრულა, მარგამ მეტი შეეძლო. თუმცა, მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ევროპული იდენტობისთვის ქართველი ხალხის დაუღალავი ბრძოლის აღიარებას.
„ჩვენ გვესმის ჩვენი ნაკლოვანებები, მაგრამ არ გვინდა, რომ ამან გადაფაროს ჩვენი მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს გასული 30 წლის განმავლობაში და ეს არ არის მხოლოდ ერთი თაობა. ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ მნიშვნელოვანი რეფორმების მიმართულებით, ჩვენ იდეალურები არ ვართ, შორს ვართ ამისგან. ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ჩემი გზავნილი იყო, რომ მოესმინათ ხალხისთვის და ერთგული დარჩენილიყვნენ თავიანთი საარჩევნო დაპირებებისა.
12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი უნდა გაკეთებულიყო, მეტი შეიძლებოდა და მეტი უნდა გაკეთდეს. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება მომდევნო თვეებში, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, რასაც ქართველი ხალხი არ გვაპატიებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.