ახალი ამბები

ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის – გახარია

31 მაისი, 2023 • 855
ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ნიადაგს ამზადებს ნატოზე უარისთვის.

ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

„ნატოს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის „მეორე ფრონტის“ და „ნეიტრალიტეტის“ ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და ნატოს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი“, – აცხადებს გახარია.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე გნაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა — „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა ის, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ, მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ და გააკრიტიკეს. რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ტვიტერზე ინგლისურად განმარტა. როგორც პაპუაშვილი ვრცელ პოსტში წერს, ღარიბაშვილის განცხადებამ, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და დიდწილად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი