ახალი ამბები

ღალატი და მტერთან თანამშრომლობაა – წითლიძე ღარიბაშვილის განცხადებებზე

30 მაისი, 2023 • 1189
ღალატი და მტერთან თანამშრომლობაა – წითლიძე ღარიბაშვილის განცხადებებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მტერთან კავშირს ნიშნავს.

ასე ეხმიანება იგი ბრატისლავში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.

„დღევანდელი განცხადებები პარლამენტის ტრიბუნიდან და ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის, რომელმაც გვამცნო, რომ თურმე უკრაინაში რაც ხდება, იმიტომ ხდება, რომ უკრაინის სურვილი ნატოში გაწევრიანება ყოფილა, სხვა არაფერია, თუ არა ღალატი და მტერთან თანამშრომლობა.

დღეს რუსული ოცნება რასაც ცდილობს ამ ქვეყანაში, არის ის, რომ დაგვაკარგვინოს ის გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც უკრაინელი ხალხის გმირულმა ბრძოლამ მოგვიტანა და რომელსაც ჰქვია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღება. დღეს რუსული ოცნება ცდილობს საქართველოს მოქალაქეები მოატყუოს, როცა ეუბნება, რომ თურმე ბაზარი არის ჩვენი შველა. დაჩაჩანაკებული, დამარცხებული რუსული ბაზარი კი არ არის ჩვენი შველა, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ცხოვრება და განვითარებული ეკონომიკა თუ სადმეა, ეს არის ევროკავშირში, რომელიც არის ჩვენი ისტორიული არჩევანი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა — „ყველამ იცის, მგონი, მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა ის, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ, მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი