ახალი ამბები

დააკავეს კაცები, რომლებმაც ყოფილ მეგობარ ქალებს ინტიმური ფოტოები გაუვრცელეს — საგამოძიებო სამსახური

30 მაისი, 2023 • 1276
დააკავეს კაცები, რომლებმაც ყოფილ მეგობარ ქალებს ინტიმური ფოტოები გაუვრცელეს — საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, რომელთა შორის 1 ლიეტუვის მოქალაქეა, ხოლო 2 პირს ბრალდება წარედგინა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ, რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ.

„აღსანიშნავია, რომ ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულები ზემოაღნიშნულ ინფორმაციას მათ ნებაყოფლობით უგზავნიდნენ. ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით, ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დაზარალებულების მშობლებს, ახლო ნათესავებს და ნაცნობებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება“, — აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

როგორც უწყება აცხადებს, ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე ფლობდა ინფორმაციას დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ. აღნიშული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენდა. 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან, 2023 წლის მარტის თვეში კი, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე, ზ.ც.-მ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159 მუხლებით (პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევა) გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი