ახალი ამბები

ეს ომი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით – პაპუაშვილი

25 მაისი, 2023 •
ეს ომი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით – პაპუაშვილი

პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ექნება საუბარი იმ უკრაინელ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ქართველი ხალხის სოლიდარობის მიუხედავად, „მიუღებელ დამოკიდებულებას“ იჩენენ.

„ჩვენ ვიცით, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, ეს იცის ჩვენმა ხალხმა და ამას უჭერს მხარს. ბოლო შუალედურ არჩევნებზე დადასტურდა, რომ ჩვენი ხალხი მხარს უჭერს ჩვენს პოლიტიკას.  უკრაინის ზოგიერთი ჩინოსნის განცხადებას რაც შეეხება, ამაზე უფრო ცუდი, უხეში განცხადებებიც გვსმენია. მე ამაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ომი დასრულდება, ომი უნდა დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე გვექნება საუბარი, რომ ამ დროს, ამ კრიზისულ პერიოდში ზოგიერთი უკრაინელი ჩინოვნიკი რატომ ექცეოდა ასე ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


საქართველოს ხელისუფლება, რომელიც, წესით, უკრაინის პირველი გულშემატკივარი უნდა ყოფილიყო საერთო ოკუპანტის წინააღმდეგ ომში, ბრძოლების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც თითქმის არასდროს საუბრობს კიევის სამხედრო წარმატებებზე და კვლავ რუსეთის უძლეველობის მითის განვითარებას უწყობს ხელს.

მაგალითად, 24 მაისს, კატარის ეკონიმიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კითხეს, ეთანხმება თუ არა ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამარჯვებული არავინ გამოვა.

ღარიბაშვილმა აღნიშნულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის 20% უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს სტატუს-კვოა, ხოლო “რა მოხდება ხვალ, ამას ვერ იტყვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი