ახალი ამბები

კრემლი შეშფოთებულია – პესკოვი ბელგოროდზე

23 მაისი, 2023 • 1917
კრემლი შეშფოთებულია – პესკოვი ბელგოროდზე

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი შეშფოთებულია ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებით.

„რასაკვირველია, ის, რაც გუშინ მოხდა, იწვევს ჩვენში დიდ შეშფოთებას,“ – აცხადებს პესკოვი ჟურნალისტებთან და დასძენს, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელ სამხედროთა ქმედებებს „ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“ და შესაბამისად, რუსეთისგან მეტ ძალისხმევას საჭიროებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც რუსეთის საზღვრების გაძლიერებას ეხებოდა, პესკოვმა თქვა, კრემლი შეფასებებს არ გააკეთებს.

რა ხდება ბელგოროდში?

22 მაისის დილიდან, მედია და ტელეგრამ-არხები აქტიურად წერენ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა. 22-23 მაისის ღამით, სხვადასხვა ტელეგრამ არხმა ასევე დაწერა, რომ ბელგოროდში რაკეტები მოხვდა „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა“ [იგივე „ეფესბე-ს“] და შსს-ს შენობებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინა აკვირდება ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა პირდაპირი კავშირი მასთან არ აქვს.

რაც შეეხება თავად ბელგოროდს – ოლქს მოსახლეობა თვითდინებით ტოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი