ახალი ამბები

ბელგოროდის შემოგარენი მოსახლეობამ თვითდინებით დატოვა – გუბერნატორი

22 მაისი, 2023 • 5917
ბელგოროდის შემოგარენი მოსახლეობამ თვითდინებით დატოვა – გუბერნატორი

გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ბელგოროდის შემოგარენი თვითდინებით უკვე დატოვა.

ბელგოროდის ოლქში ოფიციალურად ევაკუაცია არ გამოცხადებულა.

საუბარია დაბა გრაივორონზე, სადაც გავრცელებული ცნობებით, უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა.

„მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ტერიტორია დატოვა. ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, ვეხმარებით ტრანსპორტით, ვისაც აქვს – თავისი ტრანსპორტით მიემგზავრებიან,“ – თქვა ვიაჩესლავ გლადკოვმა პირდაპირ ეთერში, რომელიც რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გადაიცემოდა.

მანამდე გლადკოვი  აცხადებდა, რომ ოლქში უკრაინული შეიარაღებული ძალების „დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი“ იმყოფებოდა. მან ოლქში „კონტრ-ტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა.

22 მაისის დილიდან, მედია და ტელეგრამ-არხები აქტიურად წერენ უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინა აკვირდება ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა პირდაპირი კავშირი მასთან არ აქვს.

ვრცლად წაიკითხეთ:

„თავისუფლება ახლოსაა“ – რა ხდება ბელგოროდში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი