ახალი ამბები

ბელარუსში ოპოზიციონერი აქტივისტი რომან პროტასევიჩი შეიწყალეს — სახელმწიფო მედია

22 მაისი, 2023 • 567
ბელარუსში ოპოზიციონერი აქტივისტი რომან პროტასევიჩი შეიწყალეს — სახელმწიფო მედია

ბელარუსის სახელმწიფო მედია ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტის, რომან პროტასევიჩის შეწყალების შესახებ იტყობინება.

პროტასევიჩი 2021 წლის მაისში, მას შემდეგ დააკავეს, რაც ბელარუსის სასაზღვრო სამსახურმა იძულებით დასვა Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელშიც ოპოზიციონერი აქტივისტი შეყვარებულთან, სოფია საპეგასთან ერთად იმყოფებოდა.

რამდენიმე კვირის წინ რომან პროტასევიჩს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას მასობრივი შეტაკებების ორგანიზებას, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნა-ხელმძღვანელობას, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებასა და ბელარუსისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებს ედავებოდნენ.

სახელმწიფო მედია იუწყებოდა, რომ პროტასევიჩს პატიმრობის ვადა სასჯელაღსრულების კოლონიაში უნდა მოეხადა. ჯერ ბუნდოვანია, ნიშნავს თუ არა შეწყალების გადაწყვეტილება მის სრულად გათავისუფლებას სასჯელისგან.

“აი, ახლა მოვაწერე ხელი ყველა დოკუმენტს, რომელთა მიხედვითაც მე შეწყალებული ვარ. ეს, რა თქმა უნდა, მშვენიერი ამბავია”, — უთხრა მან ჟურნალისტებს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში და “მადლიერება” გამოხატა “ქვეყნისა და პირადად პრეზიდენტისადმი”.

თვითმფრინავი, რომლიდანაც პროტასევიჩი საპეგასთან ერთად გაიტაცეს, საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა. ბელარუსის სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა ის აიძულეს, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.

ლუკაშენკოს რეჟიმი ირწმუნებოდა, რომ ინფორმაცია ჰქონდა პალესტინური შეიარაღებული ორგანიზაციის, “ჰამასის” მიერ ბორტზე დაგეგმილი აფეთქების შესახებ. “ჰამასში” ეს უარყვეს.

პროტასევიჩის პარტნიორი სოფია საპეგა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, გასული წლის მაისში გაასამართლეს სოციალური მტრობისა და უთანხმოების წაქეზების ბრალდებით. მას 6 წელი მიუსაჯეს.

რომან პროტასევიჩი ტელეგრამის არხის, “ნექსტას” რედაქტორი იყო, რომელიც ინტენსიურად ავრცელებდა ინფორმაციას 2020 წლის მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციების შესახებ ბელარუსში. ლუკაშენკოს რეჟიმმა, რომელიც 28 წელია, ბელარუსს მართავს, აქციები ძალადობითა და მასობრივი დაპატიმრებებით ჩაახშო.

დაპატიმრების შემდეგ, პროტასევიჩმა თქვა, რომ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რათა “გამოესყიდა ზიანი”, რომელიც “ქვეყანას მიაყენა”. პროტასევიჩის ოჯახი აღნიშნავდა, რომ ეს განცხადებები ზეწოლის შედეგი იყო.

პროტასევიჩისა და საპეგას დაკავებას დასავლეთმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებით უპასუხა.

ბელარუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ვიასნას” თანახმად, ლუკაშენკოს რეჟიმის პირობებში ქვეყანას 1 500-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს.

ბელარუსში 10 და 12 წელი მიუსაჯეს ექსპერტებსა და ჟურნალისტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი