სანამ საქართველოში წამოვიდოდა, ალინა სტეფანოვიჩი ინსტინქტურად გამთენიისას იღვიძებდა და 07:00 საათს ელოდა. გასული წლის ზაფხულში სწორედ დილის 7 საათისთვის მივიდა ბელარუსის პოლიცია მის ოჯახში, სახლი გაჩხრიკა და ალინას მეუღლე დააკავა. აღნიშნულის შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ.
ალინა პროფესიით თარჯიმანია, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან, მისი მეუღლე, ვალიანტინ სტეფანოვიჩი კი — ბელარუსის ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი.
2 წლის წინ, ამ დროს, ბელარუსელები ჯერაც გამოდიოდნენ მასშტაბურ აქციებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, 2020-ის არჩევნებში ისევ გამარჯვებულად გამოაცხადა თავი. თუმცა პროტესტი მზარდმა რეპრესიამ ჩაანაცვლა:
35 000 ადამიანი დააკავეს, ასობით გაასამართლეს. პოლიცია დემონსტრანტებს სცემდა, უფლებადამცველები კი საპატიმროებში ასობით ადამიანის წამების შესახებ საუბრობდნენ. სახელმწიფომ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები კი — დაბლოკა.
ქმრის დაკავებამ ალინა სტეფანოვიჩს 3 შვილთან ერთად ბელარუსიდან საქართველოში წამოსვლისკენ უბიძგა. ის “ნეტგაზეთს” უყვება წინააღმდეგობაზე, ამჟამინდელ ატმოსფეროზე ბელარუსში და იმაზე, თუ რას გრძნობს, როცა ხედავს, რომ მისი სახელმწიფო რუსეთის გვერდითაა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წარმოებისას.
როგორ ვცხოვრობდით 2020-მდე
ბელარუსი ყოველთვის დიქტატურა იყო. 2020-მდეც. მაგრამ ახლა ის ტოტალიტარული დიქტატურაა და სულ უფრო უახლოვდება ჩრდილოეთ კორეას. ბედნიერები ნამდვილად არ ვყოფილვართ იმით, რაც 2020-მდე ხდებოდა, მაგრამ, როგორც მინიმუმ, მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესსაზოგადოება, IT სპეციალისტები ცდილობდნენ, ბელარუსი უკეთეს ადგილად ექციათ. და ის თითქოს ხდებოდა უკეთესი ადგილი. სულ მცირე, ჩანდა, რომ ხელისუფლებას სურდა, უფრო ახლოს ყოფილიყო ევროპასთან. ისინი ადამიანებს მეტ თავისუფლებას აძლევდნენ… თითქოს ჩანდა, რომ სულ ცოტა გვაშორებდა იმ წერტილიდან, როცა უნდა გავთავისუფლებულიყავით ულვაშიანი კაცისგან — ლუკაშენკოსგან და ბელარუსი პირდაპირ წასულიყო ევროპისკენ.
ალინა სტეფანოვიჩი
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხელისუფლება ხალხის ცემასა და წამებას გაბედავდა, როგორც ეს მათ გააკეთეს… კი, ვიცოდით, რომ პოლიცია უხეში და მკაცრია და არც ლუკაშენკოს დიქტატორობასთან დაკავშირებით გვქონია ილუზია, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ პოლიცია სახლში შემოგივარდებოდა, იატაკზე დაგაგდებდა, ხალხს სცემდა, კბილებს, ხელებს, ფეხებს დაუმტვრევდა. გარკვეულწილად ჯერაც გვჯეროდა, რომ ასე თუ ისე თავისუფალი ქვეყანა ვართ და შეგვიძლია, ვთქვათ და ვწეროთ, რაც გვინდა — როგორც მინიმუმ, სოციალურ ქსელებში. ვერასდროს გავივლებდით გონებაში, რომ ფეისბუკზე რამის დაწერას ვერ შევძლებდით. ახლა კი ადამიანებს 2-3 წლით აპატიმრებენ უბრალოდ იმისთვის, რომ ფეისბუკზე რაღაც დაწერეს.
რამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში?
არავინ დავობდა იმაზე, რომ ლუკაშენკომ [არჩევნები] წააგო. ამის დანახვა ქუჩაშიც შეგეძლოთ. როგორ იყო, იცით? [2020-მდე], რაღაც მომენტში ხალხის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მათ თავად შეეძლოთ, აეშენებინათ თავიანთი ქვეყანა და ლუკაშენკო აღარ იყო მნიშვნელოვანი: მოდით, დავივიწყოთ ეს კაცი, ავაშენოთ ჩვენი ბიზნესები, ავაშენოთ ჩვენი საზოგადოება, ვაკეთოთ ის, რაც გვაერთიანებს…
და ჩვენ ავაშენეთ ეს საზოგადოება. აღნიშნულის დანახვა შეგეძლოთ არჩევნებამდეც, მინსკში და ყველგან, დასახლებებში: ვინც ლუკაშენკოს წინააღმდეგ და სვეტლანა ტიხანოვსკაიას, როგორც ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატის სასარგებლოდ აპირებდა ხმის მიცემას, თეთრი სამაჯურები ეკეთათ. როცა ხედავ, რომ ყველა შენს მეზობელს თეთრი სამაჯური უკეთია, მანქანით გადაადგილებისას ოპოზიციური მუსიკა აქვს ჩართული, გრძნობ იმას, რაც ხდება.
ალექსანდრე ლუკაშენკო. ფოტო: EPA
ვფიქრობ, ორი ფაქტორი იყო, [რატომაც არჩევნების ღამეს ხალხი გარეთ გამოვიდა]: პირველი, მათ მართლაც სჯეროდათ, რომ ლუკაშენკომ წააგო არჩევნები და მეორე, ვერასდროს წარმოიდგენდნენ რეპრესიის იმ მაჩვენებელს, რაც მაშინ დადგა: ადამიანები გატეხილი თავებით და სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებით, პირველი დაღუპულები… მოქალაქეები გაბრაზდნენ.
რას განვიცდიდი საპროტესტო ტალღის შემხედვარე
რეალურად, არ მჯეროდა, რომ რაიმე მოხდებოდა. ჩვენ ეს ციკლები ძალიან ბევრჯერ გავიარეთ. მახსოვს 2001, 2006, 2010 წლის არჩევნები. 2010 წელს, არჩევნების მეორე ღამეს, პრეზიდენტობის 7 კანდიდატი დააკავეს. ამის შემხედვარე მეც და ჩემი მეგობრების დიდი ნაწილიც ვფიქრობდით, რომ ეს [2020] იყო მორიგი ციკლი: ყველაზე მამაცნი ქუჩაში გამოვიდოდნენ, პოლიცია მათ დააკავებდა, შემდეგ ლუკაშენკო მათით ვაჭრობას დაიწყებდა ევროპასთან…
როცა წამების პირველი სურათები გამოჩნდა და შემდგომ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, შოკირებული ვიყავი… ადამიანები თეთრ-წითელ-თეთრი დროშებით გამოდიოდნენ, რომელიც დამოუკიდებელი ბელარუსის სიმბოლოა. ის 90-იან წლებში, 4 წელი იყო ბელარუსის სიმბოლო, სანამ ლუკაშენკო არ მოვიდა ხელისუფლებაში და რეფერენდუმი არ ჩაატარა დროშის შესაცვლელად. ხალხი არა მხოლოდ მინსკში, არამედ პატარა ქალაქებშიც გამოდიოდა ქუჩაში და ეს დროშები ეკავათ. ჩემი პირველი კითხვა იყო: გამოდის, რომ ადამიანები ამ დროშებს სადღაც ინახავდნენ 20 წლის განმავლობაში?
ანტისამთავრობო დემონსტრაცია მინსკში საპრეზიდენტო არჩევნებიდან 1 კვირის შემდეგ. ფოტო: Vasily Fedosenko/Reuters
მანამდე, ზოგჯერ აქტივისტები ფიქრობდნენ, რომ მარტონი იყვნენ; რომ არავინ ღელავდა, ყველა ბედნიერი იყო იმით, რაც გვქონდა, რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდებოდა… [პროტესტის დაწყების შემდეგ] გაჩნდა განცდა, რომ ხალხი ჩვენთანაა. ჩემმა ქმარმა თქვა, რომ აქტივისტები, როგორც იქნა, ნორმალურებად გრძნობდნენ თავს, ხალხი ჩვენკენაა, ჩვენ ვართ ხალხიო. პირველად დაგვეუფლა ნამდვილი ერთიანობის განცდა.
როგორც გითხარით, თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც იქამდე, თუმცა შემდგომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და იყო მომენტი, როცა მჯეროდა, რომ რაღაც მოხდებოდა.
როგორ ჩაანაცვლა საზეიმო განწყობა გაძლიერებულმა რეპრესიებმა
პირველი ღამეების შემდეგ, როცა დემონსტრანტებს სცემეს, შემდეგ კი თეთრებში ჩაცმული ქალები გამოვიდნენ ქუჩებში, მშვიდობიან აქციებზე, როცა ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა გარეთ, მათ შორის, მუშები მთელი ქვეყნის გარშემო, ჩანდა, თითქოს პოლიცია დანებდა. 2020 წლის აგვისტოში ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა გარეთ.
თავდაპირველად ეს კარნავალს ჰგავდა: ქუჩაში გამოსული ადამიანები სასაცილო პოსტერებით ხელში, რომლებიც უბრალოდ ზეიმობდნენ, რომ იყვნენ ბევრნი და იყვნენ ერთად, დიდი ხნის წინ აკრძალული, თუმცა, ასე საყვარელი თეთრ-წითელ-თეთრი დროშის ქვეშ. პროფესიულმა გაერთიანებებმა და სამეზობლოებმა ღონისძიებების, პერფორმანსების ორგანიზება დაიწყეს. მოსწონდათ, რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად გაერთიანდნენ ერთ მუშტად.
საბოლოოდ, როდესაც პუტინმა თავის ჯარს მოუყარა თავი საზღვართან და სულ უფრო მეტი პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრება დაიწყეს, ქუჩის კარნავალი ბრძოლის ველად გადაიქცა… ყოველდღიურად, საპროტესტოდ გასვლის შემდეგ, სულ უფრო მცირდებოდა იმის შანსი, რომ საღამოს სახლში დაბრუნდებოდი. ამის შემდეგ მათ დაიწყეს ბინებში მისვლა “არასწორი” დროშის თუ სარეცხის თოკებზე ფერების “არასწორი” კომბინაციის გამო.
მერე მთავრობამ იძულებით დასვა ევროპული თვითმფრინავი მინსკში, რათა შიგნით მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინა. შემდგომ სამოქალაქო საზოგადოებას შეუტიეს, მერე კი ხალხის, მათ შორის, პენსიონერების ციხეებში გამოკეტვა დაიწყეს სოციალურ ქსელებში დატოვებული კომენტარებისთვის. ეს ახლაც ხდება, ყოველ დღე, მთელ ქვეყანაში.
როგორ დააკავეს ჩემი ქმარი
ჩემი მეუღლე ვალიანტინ სტეფანოვიჩი, უფლებადამცველი აქტივისტია, რომელიც 1998 წლიდან საქმიანობს ბელარუსის ერთ-ერთ წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციაში “ვიასნა”(გაზაფხული) და ასევე არის დიდი ორგანიზაციის, “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის”(FIDH) ვიცე-პრეზიდენტი. [დაკავებამდე] არაფერს აკეთებდა ისეთს, რაც გასულ წლებში არ უკეთებია: ეხმარებოდა ადამიანებს, რათა დაებრუნებინათ თავიანთი უფლებები.
პოლიცია მინსკში, ჩვენს სახლში, გასული წლის 14 ივლისს, დილის 07:00 საათზე, ჩხრეკის ორდერით მოვიდა. ჩაატარეს ჩხრეკა, წაიღეს მთელი ტექნიკა: ლეპტოპები, ტელეფონები… ბავშვების ტელეფონებიც წაიღეს, ასევე, ფული. წაიყვანეს ჩემი ქმარიც. ეს 1 წლის წინ იყო და მას შემდეგ არ გამიგია მისი ხმა. წერილებს ვუწერ და მისგანაც ვიღებ წერილებს, მაგრამ სულ ესაა: არც მინახავს და არც დავლაპარაკებივარ.
როდესაც ერთმანეთი გადავკოცნეთ და დავემშვიდობეთ, რაღაც მსგავსი გვითხრეს, რატომ ემშვიდობებით ასე ერთმანეთს, საღამოსთვის უკვე უკან დაბრუნდებაო. მოგვიანებით გავიგე, რომ მხოლოდ ჩემი ქმარი არ წაუყვანიათ: რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს იმ დღეს. მისი კოლეგებიდან ერთ-ერთი მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს. როცა ეს გავიგე, პირველი, რაც გავაკეთე, დავჯავშნე თვითმფრინავის ბილეთი. საქართველოში წამოსვლა ყველაზე მარტივი იყო, რადგან ვიზა არ გვჭირდებოდა. დავჯავშნე ბილეთი და ბავშვებთან ერთად წამოვედი აქ. ეს მოხდა გასული წლის 21 ივლისს. ახლა ბათუმში ვარ და ვცდილობ, ვისწავლო აქ ცხოვრება.
ვალიანტინი და ალინა შვილებთან ერთად.
სასამართლო ჯერ არ ყოფილა, ჯერაც მიმდინარეობს გამოძიება და არც ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ადვოკატებს მოუწიათ, ხელი მოეწერათ გაუთქმელობის მსგავს შეთანხმებაზე. ასე რომ, ისინი ვერავის ვერაფერს გაუმხელენ. [ვალიანტინს] კარგი ადვოკატი ჰყავს, სტუმრობს [მას ციხეში] და როგორც მინიმუმ, აქვს შესაძლებლობა, დამირეკოს და მითხრას, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგად გრძნობს თავს და ა.შ, მაგრამ არაფრის თქმა შეუძლია იმის შესახებაც კი, თუ რომელი მუხლით არის ბრალდებული ჩემი ქმარი.
მე დაახლოებით ვიცი, რაზეა გამოძიება. საქმე ისაა, რომ “ვიასნა” ახლა არარეგისტრირებული ორგანიზაციაა ბელარუსში. მას 2003 წელს გაუუქმეს რეგისტრაცია. ამის შემდეგ იყო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რამდენიმე გადაწყვეტილება, რომ “ვიასნას” რეგისტრაციის გაუქმება არასწორია, რომ ის უნდა დაარეგისტრირონ და ა.შ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს არასდროს გაუკეთებია. მათ არაერთგზის სცადეს რეგისტრაცია, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის უარს ეუბნებოდა. ასე რომ, დეტალები არ ვიცი, მაგრამ საქმე ეხება არარეგისტრირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელობას.
“ატმოსფერო ჰგავს 1930-იან წლებს, სტალინურ ეპოქას”
ის, რომ პოლიციამ ვერაფერი ჩამოგვართვა, გარდა ლეპტოპებისა და ტელეფონებისა, იყო იმის შედეგი, რომ სანამ გაგვჩხრეკდნენ, ჩვენ თავად გავჩხრიკეთ ჩვენი სახლი არაერთხელ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მათთვის საინტერესო არაფერი [აღარ იყო ადგილზე]. ასე ცხოვრობ, როცა ყოველ დღე უსაფრთხოებაზე გიწევს ფიქრი: იღებ საგანგებო ზომებს, სწავლობ სპეციალურ ენას, რომელზეც მეგობრებს ელაპარაკები; თუ რაიმე [სპეციფიკურ] საკითხზე გსურს საუბარი, გადიხარ სადმე, პარკში, ტელეფონის გარეშე. და მუდმივად ამაზე ფიქრობ, მუდმივად ფხიზლად უნდა იყო.
როცა ქუჩაში დადიხარ და ხედავ, რომ ლურჯი [პოლიციის] ავტობუსი გაჩერდა, გული გისკდება, რადგან შესაძლოა, უცებ პოლიციელი ჩამოხტეს იქიდან და შენს წაყვანას შეეცადოს… ქმრის დაკავების შემდეგ დილის ოთხ საათზე მეღვიძებოდა. საწოლზე ვიწექი და შვიდ საათს ველოდებოდი. მქონდა მოლოდინი, რომ პოლიცია მოვიდოდა, რადგან მანამდე სწორედ შვიდისთვის მოვიდნენ. როცა შვიდს გადასცდებოდა, ვამბობდი, კარგი, რვის ხუთი წუთია, ესე იგი, დღეს არ მოვლენ.
გარეთ გასვლის წინ უნდა შეამოწმო, ტანისამოსში ყვითელ-ლურჯი [უკრაინის დროშის] ან თეთრ-წითელ-თეთრი [ბელარუსის პროტესტის სიმბოლოს] ფერი ხომ არ გირევია, რადგან ამის გამო შეიძლება პოლიციამ გაგაჩეროს და ტელეფონი შეგიმოწმოს. 2 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ პოლიცია ასე უმიზეზოდ მოსულიყო შენთან და ტელეფონის შესამოწმებლად პაროლი მოეთხოვა, ხოლო თუ არ ეტყოდი, ნებისმიერი რამე ექნა, მათ შორის, თითები დაემტვრია იმისათვის, რომ პაროლი მიგეცა. წარმოუდგენელი იყო ეს 2 წლის წინ. ახლა ეს რეგულარულად ხდება.
ალინა შვილებთან ერთად ესწრება ბელარუსელთა აქციას ბათუმში. მათ ხელში ვალიანტინ სტეფანოვიჩის პორტრეტები უჭირავთ.
მესმის ისტორიები, რომ ადამიანებს გაღვიძების ეშინიათ, რადგან პოლიცია დასაკავებლად, როგორც წესი, დილით მოდის: შვიდ საათზე, ექვს საათზე… ადამიანებს ცუდად სძინავთ, სულ კარზე კაკუნს ელიან. სანამ ჩემს ქმარს დააკავებდნენ, ველოდით, რომ ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი დააკავეს ჩვენ გარშემო.
ივლისში, როცა საქართველოში ჩამოვედი, აქ ადგილობრივი არჩევნებისთვის იყო სამზადისი. როცა წინასაარჩევნო კამპანიებში ჩართული პირები კარზე მიკაკუნებდნენ, პირველი რეაქცია იყო ძლიერი შეცხადება. მერე კი ვამბობდი: კარგი, კარგი, მე საქართველოში ვარ, ცუდი არაფერი მოხდება. ამავეს გრძნობს ბევრი ჩემი მეგობარი.
მიმდინარე კვირას ჩემი მეზობელი დააკავეს ქმართან ერთად. არც ვიცით, ზუსტად რას ედავებიან, მაგრამ ზოგიერთმა პროსამთავრობო ტელეგრამის არხმა აჩვენა ის და დაწერა, რომ თურმე 200-ზე მეტი პოსტი აქვს დაწერილი ტელეგრამზე ნაცვლად იმისა, რომ თავის ქალიშვილს მიხედოსო, ჰოდა, ამიტომაც წავიყვანეთ ბავშვი მისგანო. ბავშვი 10 წლისაა, ჩემი 11 წლის ქალიშვილის მეგობარი იყო. ახლა ბავშვთა სახლშია. ნათესავები ცდილობენ, გამოიყვანონ და ალბათ, შეძლებენ, თუმცა კვირების შემდეგ.
ეს ყოველდღიურად ხდება. ძალიან ბევრი რამ ტრიალებს ჩემი იმ ნაცნობების თავს, რომლებიც ჯერაც [ბელარუსში] არიან. ვკითხულობ ამბებს, რომ ვიღაც სისხლის სამართლის საქმეზე დააპატიმრეს ან 15 დღით დააკავეს, რაც თითქოს უკეთესია, მაგრამ მაინც წამების ტოლფასია, ვინაიდან მათ არაადამიანური პირობები შექმნეს პოლიტიკური პატიმრებისთვის იზოლატორებში. ხალხი, რომლებსაც ცოლის ცემის გამო აკავებენ 15 დღით, იღებენ თეთრეულს, საკვების პაკეტებს ოჯახის წევრებისგან, პოლიტიკურ პატიმრებს კი რკინის საწოლებზე სძინავთ, ლეიბის, თეთრეულის გარეშე, კბილის პასტის, წინდებისა და სხვა ჰიგიენური საგნების გარეშე, მათ შორის, ქალების შემთხვევაში. ისიც არ იცი, 15 დღის შემდეგ გამოგიშვებენ თუ გაგიხანგრძლივებენ [თავისუფლების აღკვეთას] — როგორც ამას ზოგჯერ აკეთებენ — თუ, საერთოდაც, სისხლის სამართლის საქმეს გაგიხსნიან.
ბელარუსის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აქტივისტს, მარია კოლესნიკოვას, ბელარუსის სასამართლომ გასულ წელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლუკაშენკოს ხელისუფლება მას ეროვნული უსაფრთხოების შერყევასა და ძალაუფლების მიტაცების მცდელობას ედავება. ფოტო: EPA
ატმოსფერო ჰგავს 1930-იან წლებს, სტალინურ ეპოქას, როცა ადამიანებს პატარა ჩანთები ჰქონდათ გამზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია მოვიდოდა და ციხეში გადაგიყვანდა. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ხალხს რეალურად უწევს ბელარუსში. ბევრი გოგო ამბობს, რომ ორ საცვალს იცვამენ, როცა გარეთ გადიან, რადგან [დაკავების შემთხვევაში] ციხეში ოჯახისგან ვერანაირ გზავნილს ვერ მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 ან 30 დღე ერთ საცვალში უნდა გაატარონ. ამას აკეთებენ რეგულარულად, ყოველ დღე, როცა სახლიდან გარეთ გადიან. ასეთია ატმოსფერო ბელარუსში.
როცა ომი დაიწყო
შოკში ვიყავი. ყველა შოკირებული იყო. როგორც გითხარით, 2020 წლამდე ვერ წარმოგვედგინა, რომ პოლიცია ასე აწამებდა ხალხს და ასევე ვერ წარმოგვედგინა ომი. მე ვიცი 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოში, მაგრამ ეს ჩვენგან შორს ხდებოდა. ბელარუსელების რეაქცია იყო ის, რომ რუსეთი ცუდია, დიახ, მაგრამ ეს “სახლში” არ ხდებოდა. უკრაინაში ომი კი ისეა, როგორც “ომი სახლში”. უკრაინა ჩვენი მეზობელია. ყველა მრავალგზის სტუმრობდა ამ ქვეყანას. მე ნათესავები მყავს უკრაინაში ისევე, როგორც, ვფიქრობ, ბევრ ბელარუსელს. ჩვენი ენებიც ძალიან ახლოსაა. ბელარუსელებს უკრაინული თითქმის სრულყოფილად ესმით და პირიქით. ასე რომ, ეს ომი ჰგავს “ომს სახლში”.
პირველი დაბომბვები, დაღუპული ადამიანები… — ვერ სწვდებოდა გონებას, ეს შეუძლებელი იყო. ბოლო ომი 1945-ში დამთავრდა. 15 წლის წინ იმასაც კი ვფიქრობდი, საერთოდ, რად გვინდოდა არმია? ვინ დაგვესხმება თავს? ევროპა? გამორიცხულია. რუსეთი? გამორიცხულია. რა უნდა მომხდარიყო? და ახლა ბელარუსის მთავრობა [ომის] ნაწილია? ვფიქრობ, ხალხის დიდი ნაწილისთვის ამის გადახარშვაც რთულია და, მით უმეტეს, ახლა, როცა ადამიანებს საპროტესტოდ ქუჩაში გასვლაც არ შეუძლია. ეს რომ 2020 წელს მომხდარიყო, მილიონობით ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში. არ ვიცი, ეს იმუშავებდა თუ არა, რადგან, როგორც ვნახეთ და როგორც ვხვდები, ცალკე აღებული პროტესტი ვერაფერს შველის
მიუხედავად რეპრესიებისა, უკრაინის წინააღმდეგ ომი ზოგიერთმა ბელარუსელმა აქციებით გააპროტესტა. უფლებადამცველთა ცნობით, მხოლოდ 27 და 28 თებერვალს პოლიციამ 1 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
არ ვიცი, ეს ტრაგედიაა. მე მჯერა და მგონია, ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე, რომ უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ ევროპის მომავალი. ბევრი ბელარუსელი ეხმარება [უკრაინას] ისე, როგორც შეუძლია. ბათუმშიც, სადაც ახლა მე ვიმყოფები, მოჰქონდათ და მოაქვთ ჰუმანიტარული დახმარება, ფული…
ძალიან რთულია, როცა ამ პოზიციაში აღმოაჩენ საკუთარ თავს: ერთი მხრივ, 2020-ში ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, რათა ლუკაშენკო მოგეშორებინა და არ დაგეშვა, რომ ეს მომხდარიყო. მეორე მხრივ, ხალხი ისე გიყურებს, როგორც “ცუდ ბიჭს”. ბელარუსი რუსეთთან ერთად ჩაერთო უკრაინაში შეჭრაში და ჩვენ ვგრძნობთ ამ განწყობას, რომელიც, ერთი მხრივ, მართალია: ეს ბელარუსიდან მოდის. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ გვჯერა, რომ ბელარუსი ოკუპირებულია, ლუკაშენკო კი მარიონეტია პუტინის ხელში. ჩვენ ის არ აგვირჩევია. ყველაფერი ეს ჩვენი ნებით არ ხდება… ისინი [რუსეთი] ყირიმიდანაც უტევენ კონტინენტურ უკრაინას, თუმცა ეს არ არის ყირიმელი თათრების ბრალი, რომლებიც ჯერაც იქ არიან. რა შეუძლიათ მათ? ყველაფერი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო.
ჩვენ ისეთივე მსხვერპლნი ვართ, როგორც უკრაინის მოქალაქეები და მგონია, რომ ბევრი ბელარუსელი გრძნობს ამას. ეს ოკუპაციაა. მახსოვს, ბებია მიყვებოდა, როგორ ცხოვრობდნენ [ნაცისტური] ოკუპაციის ქვეშ და ალბათ ისინიც ასე გრძნობდნენ თავს… მინსკი რამდენიმე წლის განმავლობნაში იყო ოკუპირებული ნაცისტების მიერ. ხშირად ადამიანები სწორედ ნაცისტებს ადარებენ ლუკაშენკოს. როცა რეპრესია გაიზარდა, ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს, მაგრამ ცვლილება შესაძლებელია. ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ და გადავრჩეთ, როგორც მინიმუმ.
“არა რაშიზმს” — ომის მოწინააღმდეგე ბელარუსელებისთვის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად კედლის წარწერები იქცა. ფოტო: Belsat
მე არა მხოლოდ მჯერა [ცვლილების შესაძლებლობის], არამედ ვხედავ ამას, ჩემს მეგობრებთან რეგულარულად კომუნიკაციის გზით. ესაა ის, რასაც ისინი ფიქრობენ: გადარჩით, ძლიერად დადექით, ცვლილება მოხდება. ცხადია, ისინი არაფერს წერენ იმაზე, რასაც ამ ცვლილებისთვის აკეთებენ, რადგან ეს ახლა დანაშაულებრივი აქტივობაა [ბელარუსში]. როგორც მანამდე გითხარით, ჩვენი ბებიაც ცხოვრობდა ოკუპაციის ქვეშ და ალბათ ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ მის პირობებში. ადრე თუ გვიან, ეს დასრულდება.
საქართველო
საქართველოში ყოფნა ჩემთვის სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ყოფნას ჰგავს: სამსჯავროს, სადაც სულები იცდიან. ეს ძალიან რთულია ჩემთვის, რადგან არ ვიცი, როგორც დასრულდება ჩემი ქმრის ამბავი, რას მიუსჯიან, რამდენი წელი ვერ ვნახავ მას. ასე რომ, იმის არჩევაც რთულია, სად წახვიდე, დამკვიდრდე თუ არა სადმე, რამდენ წელს წაიღებს ეს. მე საქართველოში ვარ, რადგან ჯერაც ვიმედოვნებ, რომ შესაძლოა, 1 ან 2 წელიწადში უკან დავბრუნდე. ჯერ არ მინდა დავმკვიდრდე, რადგან მაქვს იმედი, რომ დავბრუნდები.
ჩემთვის არ არის შესაძლებელი ისეთ ბელარუსში დაბრუნება, როგორიც ახლაა. შეიძლება, ციხეში აღმოვჩნდე, მაგალითად, ფეისბუკზე გამოქვეყნებული რომელიმე პოსტის გამო. მაგალითად, გუშინ უკრაინის დამოუკიდებლობის აქციაზე ვიყავი, სურათები გადავიღე… პოლიციისთვის ეს სურათებიც საკმარისია, რომ ციხეში გამიშვან. ასე რომ, რა თქმა უნდა, როცა ვამბობ, რომ იმედი მაქვს ბელარუსში დაბრუნებისა, ვგულისხმობ უკეთეს ბელარუსს. ბელარუსს ლუკაშენკოს გარეშე და ეს ასევე ნიშნავს, რუსული ოკუპაციის გარეშე.
ძალიან მადლიერი ვარ საქართველოსი, რომ გვიმასპინძლა. ძალიან ბედნიერი ვარ ბათუმში ყოფნით. ჩემი ყველა ქართველი მეზობელი მეგობრულია. მადლობელი ვარ, რომ სულ მცირე, იმის საშუალება მაქვს, ამოვისუნთქო და გული არ შემიწუხდეს კარზე კაკუნის გაგონებისას. ესაა ის, რაც ასე მომწონს საქართველოში. ესაა შანსი, რომ ცოტა დავისვენო, რასაც ნამდვილად ვაფასებ.