18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს.
გრიგორიადისის დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა მტკიცებულებებზე, რომლის წარმოდგენასაც არსებითი განხილვის განმავლობაში ბრალდებულის ადვოკატები გეგმავენ. კერძოდ, ადვოკატი ლიკა ბითაძე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს ხელს აქვს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არაკანონიერად აქვს მოპოვებული:
„მოგეხსენებათ, ერთი მტკიცებულება გამოგვაკლდა, რაც იყო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, არის დარჩენილი მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ რომ მათ მოტყუებით მიაცემინეს ჩვენებები და [საქმეში] არის არსებითი დარღვევები რომელსაც უშუალოდ დაადასტურებენ“ — აცხადებს გრიგორიადისის ადვოკატი.
ლიკა ბითაძის თქმით, პროკურატურას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები აქვს სასამართლოში წარმოდგენილი. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებში კი ადვოკატის თქმით, მხოლოდ ის დასტურდება, რომ ლაზარე გრიგორიადისი მართლაც იმყოფებოდა აქციაზე, თუმცა დანაშაულებრივი ქმედება, ადვოკატის თქმით, მათში ასახული არაა:
„ბრალდების მხარეს რა აქვს, მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები. ლაზარე გრიგორიადისი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ის იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და აპროტესტებდა რუსულ კანონს, როგორც ბევრი ახალგაზრდა მაგრამ ის, რომ კონკრეტულად მიზნობრივად მიაყენა დაზიანება პოლიციელებს, ამას ადგილი არ ჰქონია ისევე, როგორც ადგილი არ ჰქონია ლაზარეს მიერ სახელმწიფო ქონების დაზიანებას.
ამის იდენტიფიცირება არანაირად არ არის დადგენილი. ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს კადრები, რომ ლაზარე იქ იმყოფებოდა, მაგრამ კონკრეტული ქმედებები არ არის დადგენილი. მათ მიერ წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ვერ ჩავთვლი, რომ მაღალი ლეგიტიმაციის მტკიცებულებაა“ — ამბობს ლიკა ბითაძე.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორის თქმით, ყველა მტკიცებულების კანონიერება, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარდგენილი, სასამართლოს უკვე შესწავლილი აქვს და ყველა მათგანი დასაშვებადაა ცნობილი:
„შესავალ სიტყვაში პირველ რიგში ვისაუბრეთ ბრალად წარდგენილი ბრალდებების ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ მტკიცებულებებზე, რომელთა გამოკვლევაც არსებითი განხილვის ეტაპზე მოხდება. ბრალდების მხარე გადაწყვეტს რიგითობას შესაბამისად, რომელი კონკრეტული მოწმეები იქნებიან მოწვეული. ეს გადაწყდება პროცესამდე. რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებების და ვიდეოჩანაწერების გარდა არსებობს ექსპერტიზის დასკვნები,“ — აცხადებს პროკურორი.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ივნისს, 13:00 საათზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით, კერძოდ, მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.