ახალი ამბები

სააპელაციომ კვესიტაძეს რ2-სთვის  25 000 ლარის გადახდა დააკისრა

17 მაისი, 2023 • 2271
სააპელაციომ კვესიტაძეს რ2-სთვის  25 000 ლარის გადახდა დააკისრა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “მთავარის არხის” წამყვანმა, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ რუსთავი 2-ს 25 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. ამავე დროს, რუსთავი -2 ს დაეკისრა კვესიტაძისთვის 13 ათასი ლარის ანაზღაურება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს კვესიტაძემ თავად მიმართა. ის ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის ანაზღაურებას. კვესიტაძე „რუსთავი 2-დან“ 2019 წელს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ტელეარხი სტრასბურგის გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაშს დარჩა და მენეჯმენტი შეიცვალა.

საქალაქო სასამართლომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება 2022 წლის 10 ივნისს გამოაცხადა. კვესიტაძის უფლებებებს მაშინ საია იცავდა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და „რუსთავი 2-ს“ მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების, 13 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თავად კვესიტაძეს კი კომპანიის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დააკისრა, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც საია-ს განმარტებით, „მთავარ არხში“ მუშაობის გაგრძელებას გულისხმობდა.

ამჯერად სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. საია ამ თემაზე პრესკონფერენციას 18 მაისს გამართავს, მანამდე კი გაცხადება გაავრცელა ნიკა გვარამიამ, “მთავარი არხის” დირექტორმა, რომელიც პატიმრობაშია. 

“პირადად მე, როგორც “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ამ სამართლებრივი ძალადობის პირისპირ ეკა არ დარჩება მარტო და თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს უკანონო გადაწყვეტილებას, დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს”, – წერს გვარამია თავის ფეისბუკის გვერდზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი