ახალი ამბები

სასამართლომ კვესიტაძეს რ2-სთვის 25 ათასის გადახდა დააკისრა „მთავარ არხში“ მუშაობის დაწყების გამო

10 ივნისი, 2022 • 1895
სასამართლომ კვესიტაძეს რ2-სთვის 25 ათასის გადახდა დააკისრა „მთავარ არხში“ მუშაობის დაწყების გამო

სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო ტელეკომპანიისთვის 25 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოში ეკა კვესიტაძის ინტერესების დამცველი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, კვესიტაძემ სასამართლოს თავად მიმართა. ის ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის ანაზღაურებას. კვესიტაძე „რუსთავი 2-დან“ 2019 წელს გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ტელეარხი სტრასბურგის გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაშს დარჩა და მენეჯმენტი შეიცვალა.

საიას ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 10 ივნისს გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და „რუსთავი 2-ს“ მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დააკისრა. თავად კვესიტაძეს კი კომპანიის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დააკისრა, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც საია-ს განმარტებით, „მთავარ არხში“ მუშაობის გაგრძელებას გულისხმობდა.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდებოდა მაუწყებელში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მთელ რიგ საკადრო ცვლილებებს. „რუსთავი 2-ში“ არხის ახალმა მენეჯმენტმა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლების მიმართაც მიიღო და ეს გადაწყვეტილება ახსნა ინტერესთა კონფლიქტით.

მოსარჩელე, სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად, გახდა დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ მისი და სხვა კოლეგების სამაგალითო დასჯა ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსიდან და მისი კრიტიკული ხასიათიდან გამომდინარე.

ვინაიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ხელშეკრულების უხეში დარღვევის მოტივით, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე მოპასუხის ორგანიზაციული დაქვემდებარების პირობებში მუშაობდა წლების განმავლობაში და მოვალეობებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა. ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ მის მიმართ კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გათავისუფლებამდე გამოყენებული არასდროს ყოფილა რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოსარჩელე მენეჯმენტმა პირველივე ეტაპზე გამოარჩია სხვა თანამშრომლებისგან და სწორედ მას და რამდენიმე ჟურნალისტს შეუწყვიტა ხელფასის გადახდა. ხელფასის შეწყვეტასთან ერთად მას ურჩიეს შვებულებაში გასვლა. რჩევა მოდიოდა ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლისგან, რომლის მოწმედ დაკითხვაც, სამწუხაროდ, სასამართლომ არ ისურვა. სამწუხაროდ, ეს და სხვა მრავალი ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას”, – წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ორგანიზაციისთვის „სრულიად მიუღებელია“ გადაწყვეტილების გამოცხადებისას სასამართლოს მიერ გახმიანებული პოზიციები. საია აღნიშნული განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი