ახალი ამბები

შეიძლება სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული – კობახიძე რუსეთთან ურთიერთობაზე

17 მაისი, 2023 • 1845
შეიძლება სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული – კობახიძე რუსეთთან ურთიერთობაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთთან შესაძლოა სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული.

თუმცა მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის ეროვნული პრიორიტეტების ფარგლებში უნდა მოხდეს.

ამის შესახებ კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისფალ ხედვაში“ ისაუბრა.

კობახიძეს გადაცემის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ ჰკითხა, უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თემების შემოტანას.

„ვინაიდან რუსეთის მხრიდან მოხდა ვიზების გაუქმება და ფრენების აკრძალვის მოხსნა, დავარქვათ ამას პირობითად პოზიტიური ნაბიჯები, რადგან ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა, უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ახალ ნაბიჯებს? მაგალითად, გარკვეული თვალსაზრისით დაპაუზებული ორი ქვეყნის წარმომადგენლების კომუნიკაციას, რომელიც პრაღაში იმართებოდა. თუ ფიქრობთ კომუნიკაციების აღდგენაზე ან სხვა დონეზე გადატანაზე, სხვა თემების შემოტანაზე ორ მხრივ ურთიერთობებში?“, – ჰკითხა გიორგი გვიმრაძემ ირაკლი კობახიძეს.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პესპექტივის მყარად შენარჩუნებაა.

„რა არის ჩვენი მიზანი აქედან ამოვალ. მიზანი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება[…] ჩვენი მთავარი ამოცანაა სუვერენიტეტის შენარჩუნება და განმტკიცება, მართალია რთული საკითხია, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია, ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, მყარი პერსპექტივის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, რთულია სწრაფ ტემპებში ხელშესახები პროგრესის მიღწევა, მაგრამ ამ პესპექტივის მყარად შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარია ამოცანაა.

წინა ხელისუფლებამ ამ პერსპქტივიდან დაგვაშორა ძალიან დიდი მანძილით, როცა 2008 წელს მოხდა ის ავანტიურა, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ჩვენი მიზანია, რომ არათუ არ დავშორდეთ, მინიმუმ შევინარჩუნოთ ეს პერსპექტივა რაც ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენასთან. ჩვენი მთავარი მიზანი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და არა ის, რასაც ითხოვენ – საკუთარი ქვეყნის დასჯა… ამიტომ ამ წითელი ხაზებისა და ეროვნული პრიორიტეტების ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ სწრაფი ნაბიჯების გადადგმა აქ ძალიან რთულია და ხშირად შეუძლებელიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი