ახალი ამბები

რა ხარვეზებს ხედავენ დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფო პროგრამაში და რას პასუხობს ჯანდაცვა

16 მაისი, 2023 • 1089
რა ხარვეზებს ხედავენ დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფო პროგრამაში და რას პასუხობს ჯანდაცვა

დიაბეტის მქონე ბავშვის დედა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული უკონტაქტო გლუკომეტრის ხარვეზზე საუბრობს.

როგორც 9 წლის კატოს დედა თამარ ალავიძე წერს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 3 კვირის წინ გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის 15 სენსორი მიიღო. დედის თქმით, აღნიშნული 15 კვირის მარაგია, რამდენადაც, ერთი სენსორი სისტემურად 7 დღის განმავლობაში მუშაობს, თუმცა ოთხი დღის გააქტიურებული სენსორი ნაადრევად გაფუჭდა:

„გამოვცვალე და დავუმაგრე ახალი სენსორი. გააქტიურებისთანავე (დაახლოებით, 2 საათი ესაჭიროება) იგივე დამიწერა აპლიკაციამ – sensor expired, change sensor. ღამის 02:00 საათი იყო და ბავშვი აღარ გავაღვიძე, დილით, სკოლაში წასვლამდე ვცდი მესამე სენსორის დამაგრებას-თქო.

ღამის განმავლობაში პერიოდულად შევდიოდი და ვამოწმებდი, თუ ჰიპოგლიკემიის ნიშნები აქვს, თითიდან გადავამოწმებ-თქო – მძინარე ბავშვის თითების ჩხვლეტას მშობლები, როგორც წესი, ვერიდებით, თუ საამისოდ აუცილებლობა არ არის,“ — ამბობს კატოს დედა.

მისი თქმით, აღნიშნული ხარვეზის დაფიქსირების შემდეგ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული სენსორების ყუთები შეამოწმა და შეამჩნია, რომ ყველა მათგანს ვადა 2023 წლის 19 ივლისს გასდიოდა:

„მაქვს მარტივი შეკითხვა სახელმწიფოსთან, იცოდა თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, რომ ბავშვებისთვის შეიძინა სენსორები, რომელთაც რამდენიმეთვიანი ვადა ჰქონდათ დარჩენილი?! თუ იცოდა, რატომ არ გაგვაფრთხილეს მშობლები, რომ 2023 წლის 19 ივლისამდე ვადის მქონე სენსორები უკვე მაისში, შესაძლოა, უვარგისი ყოფილიყო?!“ — აცხადებს თამარ ალავიძე.

„ნეტგაზეთი“ დედის მიერ დაფიქსირებულ პრობლემაზე ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ აღნიშნულ სენსორს ქარხნული ვადა გამოშვების თარიღიდან 12 თვის განმავლობაში აქვს და ქვეყანაში სენსორები ეტაპობრივად შემოდის, შესაბამისად, უწყების თქმით, სხვადასხვა დროს მიღებულ სენსორს შესაძლოა ვარგისიანობის სხვადასხვა ხანგრძლივობით ჰქონდეს.

ჯანდაცვის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მშობლები დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის აღნიშნულ სენსორებს ასევე გარკვეული პერიოდულობით იღებენ და აცხადებენ, რომ მოწყობილობის ვადები გაცემის მომენტში მოწმდება იმგვარად, რომ ბენეფიციარს ვადაგასული სენსორის გამოყენება არ მოუხდეს.

რაც შეეხება სენსორის შესაძლო გაუმართაობას, სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთ დროს მშობლებმა მოწყობილობის მწარმოებელ კომპანიას ხარვეზის შესახებ უნდა აცნობოს. ამავეს მოუწოდებს კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში თამარ ალავიძეს იმ პოსტის კომენტარებში, სადაც დედამ პრობლემის შესახებ დაწერა. კომპანიის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ სენსორებს ვადა 19 ივლისამდე აქვს, შესაბამისად ხარვეზი კავშირში ვერ იქნება ვარგისიანობასთან, ტექნიკური პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ტექნიკურ ჯგუფთან დაკავშირებისკენ მოუწოდებენ. როგორც თამარ ალავიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, გეგმავს მწარმოებლისთვის მიმართვას, თუმცა აღნიშნავს, რომ სენსორების გაუმართაობა პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია.

კერძოდ, ალავიძე „ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები მათი შვილებისთვის Abbott-ის წარმოების Libre-ს სენსორების შეძენას რომ ითხოვდნენ, თუმცა სახელმწიფომ, დედის თქმით, უფრო მოქნილი და მოსახერხებელი Libre-ს ნაცვლად, მოუქნელი და პრობლემური Guardian 3-ის სენსორები დაურიგა:.

„Libre-ს სენსორებს ორკვირიანი ვადა აქვთ, არ საჭიროებს კალიბრაციას (თითის ჩხვლეტას და სისხლის მონაცემის სისტემაში შეყვანას) და არის ზომით ბევრად კომპაქტური, შესაბამისად, ბავშვებს ნაკლებად “ეპრობლემებათ” მისი ტარება. სენსორი აქტიურია დამაგრებიდან 60 წუთში და მომდევნო 2 კვირა თავისუფალი ხარ.

Guardian 3-ის სენსორს რაც შეეხება, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვიღებთ, სენსორს აქვს ერთკვირიანი ვადა, არის მოცულობით საგრძნობლად დიდი, ვიდრე ლიბრეს სენსორი, საჭიროებს ყოველ 12 საათში ერთხელ კალიბრაციას. ასევე, ახალი სენსორის დამაგრებიდან დაახლოებით 2 საათი ესაჭიროება warm up-ს, შემდეგ აკეთებ კალიბრაციას, შემდეგ 6 საათში ისევ კალიბრაციას და მერე უკვე რეგულარულ 12 საათიან კალიბრაციებს.

თუ კალიბრაცია არ გააკეთე, სისტემა ითიშება და მონაცემებს ვერ იღებ. ხანდახან ისეც ხდება, რომ კალიბრაციას გააკეთებ და ცოტა ხანში, სისტემა ხელახლა მოგთხოვს კალიბრაციის გაკეთებას, რაღაც არ მოეწონება. იმაზე აღარ დავკონკრეტდები, რა ძალისხმევას მოითხოვს დისტანციურად სკოლაში მყოფი ბავშვის ამ მხრივ კონტროლი,“ — ამბობს თამარ ალავიძე.

„ნეტგაზეთმა“ ჯანდაცვის სამინისტროს ასევე ჰკითხა, თუ რა პრინციპით შეარჩიეს აღნიშნული ფირმის გლუკომეტრი, რაზეც უწყებაში გვითხრეს, რომ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო და უწყების ძველ განცხადებაზე მიგვითითეს, რომელიც ტენდერის დასრულებას ეხებოდა.

განცხადებაში ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავდა, რომ გლუკომეტრის შესყიდვის პროცესში, გამოვლინდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთ მწარმოებელს, კომპანია “მედტრონიკს” (Medtronic Diabetes) ჰქონდა პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობა:

„აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები ფართოდ გამოიყენება, მათ შორის ბავშვებში, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ხელსაწყოს მიღებული აქვს ავტორიზაცია ამერიკული FDA-სგან და ასევე, დაშვება არაერთი მკაცრი მარეგულირებლისგან განვითარებულ ქვეყნებში,“ — აცხადებდნენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც თამარ ალავიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ყურადღებას ამახვილებს, სახელმწიფოსგან მიღებული ინსულინის დოზირებას და ტესტ-ჩხირების მიწოდების ვადებს უკავშირდება.

კერძოდ, 9 წლის კატოს დედა განმარტავს, რომ ბავშვს ხშირად ესაჭიროება ინსულინის ნახევარი დოზები, მაგალითად 1.5, 2.5, 3.5. დედის თქმით, 2023 წლის აპრილის ბოლოს, პროგრამის ფარგლებში, ინსულინი ნოვორაპიდი მისცეს ორ ფორმატში, დიდი ნაწილი ერთბიჯიანი flexpen (ერთჯერადი, სადაც ინსულინი შიგნითაა მოთავსებული) და მხოლოდ რამდენიმე პენფილი, რომელიც 0.5 ბიჯიან კალამში უნდა ჩაიდოს და ბავშვის დოზა 0.5 მდე არეგულიროს:

„მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ჩემს შვილს 2.5-იანი დოზა დასჭირდება, 2.0 უნდა გავუკეთო ფლექსპენით და 0.5 მეორე კალმით, სადაც პენფილს ჩავდებ. ორჯერ უნდა ვუჩხვლიტო იმ მიზეზის გამო, რომ შესაბამისმა უწყებამ ვერ მომცა საჭირო რაოდენობის ნოვორაპიდის პენფილები“ — აღნიშნავს თამარ ალავიძე.

ამასთან, მისი თქმით, აპრილში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ერთი თვის სამყოფი ტესტ-ჩხირები მისხეს და მაისში მათ ასაღებად ხელახლა უნდა მივიდეს.

აღნიშნული საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველი ივნისიდან, ბენეფიციარები ინსულინისა და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების – ტესტის ჩხირებისა და სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგებს მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი