ახალი ამბები

“მთავრობა უბრალოდ რომ გაჩერებულიყო… ” – გახარიას თქმით, “ოცნება” ევროპულ მომავალს აფერხებს

15 მაისი, 2023 • 741
“მთავრობა უბრალოდ რომ გაჩერებულიყო… ” – გახარიას თქმით, “ოცნება” ევროპულ მომავალს აფერხებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ მიზანმიმართულად აყენებს.

ამის შესახებ გიორგი გახარია ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც ტალინში ჩაწერა. გახარია ტალინში ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი გარანტირებული ექნებოდა, საქართველოს მთავრობა უბრალოდ, რომ გაჩერებულიყო და არაფერი გაეკეთებინა.

„ლენარტ მერის საერთაშორისო კონფერენციაზე ვართ და სიმართლე გითხრათ, სამწუხარო განწყობებია, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა საქართველოთი. ჩვენი ქვეყნის მეგობრები ვერ ხვდებიან როგორ შეიძლება საქართველოში საერთოდ კითხვის ნიშანი არსებობდეს ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. დღეს აქ და ბოლო ერთ თვეში ევროპაში ვიზიტების შემდეგ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – საერთოდ არაფერი არ გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ, არაფერი რომ არ გაეკეთებინათ, რომ გაჩერებულიყვნენ, საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

დღეს მას შემდეგ, როცა საქართველოს მთავრობამ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი დააინიცირა, შემდეგ გულთბილად მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კომისიის არჩევის წესი შეცვალა და დარწმუნებული ვარ, ასეთ იდიოტურ ნაბიჯებს კიდევ გააგრძელებენ, საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად და ხელოვნურად აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარია ამბობს, საქართველოს მეგობრებისთვის მთავრობის ქცევა გაუგებარია.

„ჩვენი მეგობრები ვერ ხვდებიან რატომ იქცევა საქართველოს მთავრობა ასე. უბრალოდ, ვერ ხვდებიან სად დაუშვეს შეცდომა, სად არის ამის მიზეზი და ა.შ. რა თქმა უნდა, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვერ ვეტყვი ასე ღიად და პირდაპირ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს, როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება და „ქოლცენტრებში“ მოპარული ფული და სულ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს მოქალაქეები და მათი ევროპული მომავალი. ამის თქმა აქ უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ ხვალიდან, რათა ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, თუ საქართველოს უნდა, რომ მისი იდენტობა და მომავალი გადაარჩინოს, ერთადერთი გამოსავალი ევროპაშია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელი საქართველომ შეინარჩუნოს თავის იდენტობა. ეს ტყუილები, რითაც ახლა გვხუნძლავენ და რასაც გვიყვებიან, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა სად, ვისთან ერთად და რა სივრცეში იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული და შეზღუდული ქართული ენა, ეკლესია, კულტურა, იდენტობა და სად მუშაობს როგორც ძლიერი მხარე პლურალიზმი, კულტურული მრავალფეროვნება. ეს ჩვენ თუ არ დავინახეთ და არ გავითვალისწინეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი მთელი ეპოქა იქნება ფუჭად დახარჯული დრო. ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების წინაშე, რომლებიც ამ კითხვებს აუცილებლად დაგვისვამენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციულ ფულზე გაცვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ყველა მძიმე დანაშაულია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თუ არ ვიმოქმედეთ, ყველას წარგვიდგენენ.

ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, კულტურა, ჩვენი მომავალი და ჩვენი შვილები იყვნენ კონკურენტულები თანამედროვე სამყაროში, ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი ხანდაზმულები იყვნენ დაცულები, ჩვენი ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები და პერსპექტიულები, თუ გვინდა ნორმალური ხელფასები, ნორმალური პენსიები, ნორმალური გარემო, სამართლიანობა ჰქონდეთ და არა ის ცირკი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს როგორც რაღაც მიღწევებს, რა თქმა უნდა, ევროპა ერთადერთი გამოსავალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებასაც გამოეხმაურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გეგმავს. გახარიას თქმით, მთავრობას უნდა, რომ 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაატაროს.

„ამასთან ერთად, უნდა გვეცემოდეს ერთი რამ, რომ თუ გვინდა არჩევანის უფლება არ წაგვართვან, რასაც, როგორ ჩანს, აპირებენ, ესეც მხოლოდ ევროპულ სივრცეშია შესაძლებელი. აბა, ვინმეს სადმე გაგიგიათ სამართლიანი არჩევნები რუსეთში? დღეს საქართველოს მთავრობას უნდა, რომ 2024 წელს ჩაგვიტარონ რუსული არჩევნები. საკითხი ისე კი არ დგას გვაქვს კიდევ შანსი? შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და დავიცავთ ევროპულ მომავალს. ჩვენ იმ მდგომარეობაში ვართ ახლა უკვე, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი