ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინის მიწვევით ფაშინიანი მოსკოვში აღლუმს ესწრება

9 მაისი, 2023 • 1543
პუტინის მიწვევით ფაშინიანი მოსკოვში აღლუმს ესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დღეს, 9 მაისს, მოსკოვში ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ესწრება.

ნიკოლ ფაშინიანის გარდა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწევევით მოსკოვში იმყოფებიან ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერები, რომლებმაც აღლუმის ფარგლებში კრემლთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

აღლუმზე დასწრების გარდა, ოფიციალური ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანს და ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრაც შედგა.

რუსეთის 24 ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 9 მაისის სამხედრო აღლუმი არ ჩაეტარებინა.

9 მაისის სამხედრო აღლუმი რუსეთის 24 ქალაქში გააუქმეს

რა განსხვავებაა 8 და 9 მაისს შორის და რატომ

დასავლეთის ქვეყნებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება 8 მაისს, ხოლო რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში – 9 მაისს.

ასე იმის გამო მოხდა, რომ გერმანულმა მხარემ ხელი მოაწერა ორ შეთანხმებას უპირობო კაპიტულაციაზე – ერთს დასავლეთის ძალებთან, მეორეს – საბჭოთა კავშირთან.

1945 წლის 7 მაისს ქალაქ რეიმსში გერმანიამ, რომელსაც წარმოადგენდა ვერმახტის გენერალი ალფრედ იოდლი, ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას. დოკუმენტი ძალაში მეორე დღეს, 8 მაისს შევიდა.

საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იოსებ სტალინს სურდა ხაზი გაესვა ნაციზმზე გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლზე. ამიტომ 8 მაისს ბერლინში, საბჭოთა კავშირის შტაბ-ბინაში, 7 მაისს კიდევ ერთხელ მოეწერა ხელი გაფორმებული კაპიტულაციის იდენტურ დოკუმენტს .

გერმანიის მხრიდან უსიტყვო კაპიტულაციას ხელი მოაწერა ვერმახტის (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელწოდება 1935-1945 წლებში) გენერალ-ფელდმარშალმა, ვილჰემ კაიტელმა. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით მეორე მსოფლიო ომში გერმანიის შეიარაღებული ძალების მოქმედება ოფიციალურად შეწყდა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე.

მოსკოვის დროით საბჭოთა კავშირში უკვე 9 მაისი იყო.

მოკავშირეები – აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და ახლა უკვე უკრაინაც- ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავს. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები – რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო კი – 9 მაისს.

8 თუ 9 მაისი – როდის უნდა აღვნიშნოთ ნაციზმის დამარცხება?

მასალების გადაბეჭდვის წესი