ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ქალაქს ხიბლი დაუკარგეს” – სოხუმში ქაოსურ მშენებლობებს აპროტესტებენ

8 მაისი, 2023 • 1796
“ქალაქს ხიბლი დაუკარგეს” – სოხუმში ქაოსურ მშენებლობებს აპროტესტებენ

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზეთის პარლამენტს ჯერ არც განუხილავს ე.წ. აპარტამენტების ექსპლუატაციის შესახებ კანონპროექტი, თუმცა უკანასკნელი რამდენიმე თვეა ეს საკითხი აფხაზური საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს.

სანამ პოლიტიკოსები ჰიპოტეზურ კანონზე საკუთარ სტრატეგიებს აწყობენ, ბიზნესმენები, მომავალში საცხოვრებელი ფართების სარგებლიანად გაყიდვის მიზნით, მრავალბინიან შენობებს აშენებენ.

მშენებლობის პროცესი ზედმეტი ყურადღების გარეშე ჩაივლიდა, რომ არა აქტივისტთა ჯგუფი Харахакалакь [“ჩვენი ერი”], რომელმაც სოხუმის ცენტრში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.

სოხუმი, მშენებლობები; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმი, მშენებლობები; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმი, მშენებლობები; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმის სანაპიროსთან, რუსეთის საელჩოს გვერდით საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ბიზნესმენმა თემურ ზარქუამ დაიწყო. სამუშაოები დინამიკურად მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც კი შენობის ბოლო სართულები ქალაქის ყველა წერტილიდან გამოჩნდა, სოხუმელები შეშფოდნენ – სოციალურ ქსელებში მომხმარებლები და საინიციატივო ჯგუფ Харахакалакь-ის არქიტექტორები და ინჟინრები სოხუმის არქიტერქტურის განადგურებაზე საუბრობდნენ და ეჭვი გამოთქვეს, მიმდინარეობდა თუ არა მშენებლობა კანონის დაცვით. მათვე დაიწყეს მშენებლობის დოკუმენტაციის მოკვლევაც.

აქტივისტებს ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი – სოხუმის საქალაქო კრების 2009 წლის განკარგულება, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ქალაქის იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე აკრძალულია 16 მეტრზე მაღალი შენობის მშენებლობა. შენობა კი, რომელსაც თემურ ზარქუა აშენებს, ამ მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს.

შესაბამისად, აქტივისტებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს. პროკურატურაში არქიტექტორების შენიშვნები გაიზიარეს და მშენებლობის შეწყვეტა და ზედა სართულების დემონტაჟი მოითხოვეს.

თუმცა სოხუმის მერი ბესლან ეშბა პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა და 2009 წლის დადგენილებას უკანონო უწოდა.

სანამ ბიუროკრატიული შეტაკებებია, მშენებლობა გრძელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზი ბიზნესმენის უკან  კი “რუსული ფულია”.

სოხუმი, მშენებლობები; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმი, მშენებლობები; ფოტო: ნეტგაზეთი

სიტუაციაზე გავლენის სადავეების არქონის გამო Харахакалакь-მ საინფორმციო ომი დაიწყო. სოციალური ქსელების,  ბლოგერებისა და მედიის დახმარებით, აქტივისტებმა აფხაზეთში გავლენიანი და ავტორიტეტული მოქალაქეების მოსაზრებების გაზიარება დაიწყეს.

პირველი ასეთი მოსაზრება რომან დბარს ეკუთვნის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, რომელმაც სოხუმის უკანასკნელი ოცი წლის არქიტექტურას “აბსოლუტურად ქაოსური მშენებლობების დომინირება” უწოდა.

სოხუმი, მშენებლობები; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმი, მშენებლობები; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმი, მშენებლობები; ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმი, მშენებლობები; ფოტო: ნეტგაზეთი

ამის მიზეზად კი სპეციალისტი ქალაქ სოხუმის მშენებლობის გენერალური გეგმისა დ კონცეფციის არარსებობას ასახელებს.

“დღეს, მცირე გამონაკლისების გარდა, მშენებარე ობიექტები დაბალი არიქტექტურული ხარისხითა და იაფფასიანი და ღრმა პროვინციალიზმის ხელწერით გამოირჩევა.

ზღვის კუთხიდან თუ გავხედავთ ქალაქს, დავინახავთ სამგანზომლებიან სივრცეს. მაღალი შენობები საზღვაო ზოლში დაფარავს ამ სივრცეებს და სოხუმის ესთეტიკას სულ გააქრობს”, – ამბობს რობან დბარი.

ამასთან, დბარი საუბრობს იმის შესახებ, რომ ახალი ობიექტების მშენებლობები არ ითვალისწინებს სატრანსპორტო დატვირთვას, ელექტრომომარგებისა და წყალმომარაგების საკითხებს, რომელიც ძალიან პრობლემურია სოხუმში.

Харахакалакь-ს აქტივისტთა ჯგუფს შეუერთდა საინიციატივო ჯგუფი «Харахпицунда». მათ “უკანონო მშენებლოების წინააღმდეგ” ორგანიზება გაუკეთეს აქციას, რომლის ფარგლებში ქალაქში გამოკიდეს ბანერები და  მოწოდებები ხელისუფლებისადმი და საზოგადოებისადმი. ასევე, ბანერები ვლადისლავ არძინბას ფრაზებით და ციტატები ფაზილ ისკანდერის შემოქმედებიდან.

პლაკატების ჩამოკიდების გამო შსს-ს თანამშრომლებმა აქციაში მონაწილე ახალგაზრდები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ერთი დღით დააკავეს. ბანერები კი ექსპერტიზაზე გაგზავნეს შესაძლო “ექსტრემიზმის დასადგენად”.

ინციდენტმა აფხაზურ საზოგაოდოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, «Харахпицунда»-ს მოანილეები კი დღის გმირები გახდნენ.

ამჟამად «Харахпицунда» -ს საინიციატივო ჯგუფის აქტივისტებზე ზეწოლაა. ცდილობენ ისინი დაადანაშაულონ ანტირუსულ განწყობებში და იმაში, რომ ფინანსდებიან დასავლეთიდან და გარკვეულწილად დაკავშირებული არიან საქართველოსთანაც.

«Харахпицунда» ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს, რომ მათი მოტივაცია მხოლოდ პატრიოტიზმი და აფხაზეთისა და მისი მოსახლეობის ინტერესებისთვის ბრძოლაა.

აფხაზურმა ანონიმურმა ტელეგრამ არხმა “ამრა ლაიფმა” აქტივისტთა დისკრედიტაციის მიზნით გამოაქვეყნა «Харахпицунда»-ს ერთ-ერთი მონაწილის, ელიტა კოკოსკერიას ფოტოც მისი სოციალური ანგარიშიდან, სადაც გოგონა აშშ-ში, ამავე ქვეყნის დროშით დგას. ტელეგრამ არხი ამ გზით შეეცადა ეჩვენებინა, რომ მშენებლობების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები გარე გავლენებით მოქმედებენ.

მსგავსი ცილისწამების ობიექტები გახდნენ  «Хара Хакалакь»-ს საინციატივო ჯგუფის წევრებიც –  მათ შესახებ ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ქრთამის სანაცვლოდ ახალგაზრდები მზად არიან შეწყვიტონ საინფორმაციო ომი.

ბრალდებების საპასუხოდ, აქტივისტები ცნობილი სოხუმელების მოსაზრებების გამოქვეყნებას აგრძელებენ.

აფხაზეთში ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი ნადეჟდა ვენედიქტოვა ერთ-ერთია, რომლის მოსაზრებაც აქტივისტებმა გამოაქვეყნეს.

ვენედიქტოვას აზრით, სოხუმი ჯერ კიდევ ინარჩუნებს განუმეორებელ იერსახეს, თუმცა უკანასკნელ წლებში აშკარა ტენდენციაა, გადააქციონ ის სტანდარტულ ქალაქად მაღალი შენობებით და დაუკარგონ ის არქიტექტურული თავისებურება, რომელიც დაეხმარებოდა მსოფლიოს კურორტებთან კონკურენციისას.

ოპოზიციონერ ადგურ ანრძიბას თქმით, თუ მშენებლობების შესახებ კანონი მიიღეს, სოხუმში ქაოსური მშენებლობების შეჩერება შეუძლებელი გახდება.

პარტია “აფსნის” ხელმძღვანელი ვიტალი გაბინია კი დარწმუნებულია, რომ კანონის მიღებით მხოლოდ ერთეული ჩინოვნიკები მიიღებენ მოკლევადიან ფინანსურ სარგებელს, ამავე დროს, ვერ მისცემენ ბიზნესმენებს იმის გარანტიებსაც კი, რომ ელექტროენერგიითა და წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი