ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებულს სოხუმში 10.5 წელი მიუსაჯეს

5 მაისი, 2023 •
საქართველოს დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებულს სოხუმში 10.5 წელი მიუსაჯეს

საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთის ინტერესების წინააღმდეგ საქართველოს დაზვერვასთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს, 10.5 წელი პატიმრობა მიუსაჯეს.

შესაბამის ინფორმაციას აფხაზური მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

2022 წლის ივლისში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე, რომელიც აფხაზური მხარის მტკიცებით, ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

როგორც მაშინ უწყებაში აცხადებდნენ, დაკავებული საქართველოს მოქალაქე საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდა აფხაზეთში კანონით დაცულ სახელმწიფო, სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას, რომელსაც თავის მხრივ, ქართული მხარე აფხაზეთის უსაფრთხოების და მისი სუვერენიტეტის საზიანოდ გამოიყენებდა.

უწყების 2022 წლის განცხადებითვე, ამოღებული საკმარისი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება “ჯაშუშობის” მუხლით დაიწყო.

თუმცა ვიდეოში, რომელიც აფხაზურმა უწყებამ მაშინ გაავრცელა, დანაშაულის მტკიცებულებებად ნაჩვენები იყო საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი და ფურცლის ნაგლეჯზე ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტი, სადაც, სავარაუდოდ, მას გარკვეული მედიკამენტების შეძენას სთხოვდნენ.

ბჟანია აფხაზეთში აგენტების ჩანერგვაზე, შესაძლო დივერსიებსა და პროვოკაციაზე საუბრობს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი