ახალი ამბებიკომენტარი

დაარღვია თუ არა მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია? | ავთანდილ დემეტრაშვილის მოსაზრება

5 მაისი, 2023 • 2416
დაარღვია თუ არა მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია? | ავთანდილ დემეტრაშვილის მოსაზრება

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი მისი კოლეგები თავიანთ ცოდნას ბოროტად იყენებენ, როცა ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას არ აძლევენ.

ამის შესახებ მან ნეტგაზეთთან ისაუბრა.

ავთანდილ დემეტრაშვილი უარყოფითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, რომ არ მისცეს საშუალება ოპოზიციას, შექმნას საგამოძიებო კომისია, თუმცა ამბობს, რომ მისი აზრით, უმრავლესობას პირდაპირ არ დაურღვევია კონსტიტუცია, რადგან ოპოზიციისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნაში ხელის შეშლა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა სამართლებრივი.

„კონსტიტუცია ცალსახად ამბობს, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თუ ინიციატორების შესაბამისი ქვორუმი არსებობს და შესაბამისი ქვორუმი არსებობს მისი მიღებისთვის, ანუ კონსტიტუცია საბოლოოდ ამბობს, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თუ დაცულია ეს ორი პირობა. ამიტომ, მე ვფიქრობ, უმრავლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძალიან ახლოს არის კონსტიტუციის დარღვევასთან“, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

თუმცა, მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უმცირესობის უგულებელყოფა არანაირ კონსტიტუციონალიზმის პრინციპებში არ ჯდება.

„პოლიტიკაზე ვერ შევაფასებ, მაგრამ მანდ [„ქართულ ოცნებაში“] ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტები არიან – თავად ირაკლი კობახიძე, ჩემი ყოფილი დოქტორანტი გიორგი კახიანი, კარგი კონსტიტუციონალისტია შალვა [პაპუაშვილი]… მე ამაზე ვამბობ, რომ ეს ჩემი კოლეგა კონსტიტუციონალისტები ბოროტად იყენებენ თავიანთ ცოდნას.

თუ ნამდვილი პოლიტიკოსი ხარ, შეიძლება კონსტიტუციის ნორმა ისე გამოიყენო, რომ მასთან წინააღმდეგობაში არ იყო, მაგრამ, იმავდროულად, არც დაეთანხმო ამ ნორმას და არც გვერდი აუარო. მაგრამ უმცირესობის უფლების უგულებელყოფა, ეს უკვე არანაირ კონსტიტუციონალიზმში არ ჯდება“, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

შექმნილი ვითარებიდან კონსტიტუციონალისტი სამართლებრივ გამოსავალს ვერ ხედავს. მისი თქმით, ისიც კი სათუოა, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის სარჩელს, რადგან უმრავლესობის უმოქმედობის შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია არ არის.

„დათო უსუფაშვილმა კი თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავო, მაგრამ, ჯერ ერთი, საკონსტიტუციო სასამართლო სასწრაფოდ ვერ განიხილავს ამ საქმეს, შეიძლება გაიწელოს. მიიღებს თუ არა განსახილველად, ეგეც სადავოა. საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის ეს საკითხი. რეალურად უმრავლესობა კონსტიტუციის და რეგლამენტის ნორმებს არ არღვევს, კენჭისყრა უნდა ჩატარდეს [იმისათვის, რომ კომისია ჩამოყალიბდეს] და კენჭისყრა არ ჩატარდება, თუ არ არის უმრავლესობა“, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ერთ-ერთი ბერკეტი, რაც ოპოზიციას შეუძლია გამოიყენოს, არის ის, რომ მანდატების დატოვების შესახებ განცხადება გააკეთოს და პარლამენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

„პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებიც საგამოძიებო კომისიას ითხოვენ, მანდატები რომ დატოვონ, პარლამენტი ხომ არალეგიტიმური იქნება. წარმოიდგინეთ, 50-მა კაცმა დატოვოს მანდატი, ანუ არ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში, პარლამენტი არალეგიტიმური იქნება […]

ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბერკეტი, რამაც შეიძლება უმრავლესობა აიძულოს, რომ მონაწილეობა მიიღოს [კენჭისყრაში]. რეალურად, გავლენ თუ არა პარლამენტიდან, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამის თაობაზე განცხადების გაკეთება არ იქნება ურიგო. იმიტომ, რომ პარლამენტი მართლა უუნარო ხდება, თუ ასე იქნება“, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

ამავე თემაზე გაეცანით კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებას:

დაარღვია თუ არა მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია? | ვახტანგ ხმალაძის განმარტება


დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში ოპოზიციის მიერაა ინიციირებული. თუმცა კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. ამიტომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს.

კერძოდ, იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, კვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობდა საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შექმნილიყო, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობდა და, შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბებოდა და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრებოდა.

მიმდინარე კვირაში კი, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ ჩასვეს.

 

ფოტო: JAKO FM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი