ახალი ამბები

ხელისუფლებას საქსტატის დირექტორის შერჩევა საბჭოს გარედანაც შეეძლება – კანონპროექტი

2 მაისი, 2023 • 961
ხელისუფლებას საქსტატის დირექტორის შერჩევა საბჭოს გარედანაც შეეძლება – კანონპროექტი

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის არჩევის წესი იცლვება. ამის შესახებ კანონპროექტი საქსტატის ავტორობითა და საქართველოს მთავრობის ინიცირებით პარლამენტს 11 იანვარს წარედგინა და ამჟამად პირველი მოსმენის ეტაპზეა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იცვლება დირექტორის არჩევისა და დანიშვნის წესი და ასევე იზრდება ხელმძღვანელის ფუნქციები.

კერძოდ, მოქმედი წესისაგან განსხვავებით, ინიცირებული ვარიანტით, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის შერჩევა მოხდება საქსტატის საბჭოს მიღმა და მას აირჩევს დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია, რომელიც შეიქმნება პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტის საფუძველზე.

კანონპროექტის თანახმად, ამის შემდეგ აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატურა შესათავაზებლად გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის თანხმობის შემდეგ კი მას პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

ამასთან, დირექტორად არჩევისთანავე ის გახდება საქსტატის საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით კი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საბჭოს წევრი და სწორედ საბჭომ უნდა წარადგინოს, შემდეგ კი თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს.

შესაბამისად, ცვლილება სწორედ ის არის, რომ ახალი წესით საქართველოს ხელისუფლებას ეძლევა საშუალება, საქსტატის დირექტორად ისეთი ადამიანი შეარჩიოს, რომელიც საბჭოს წევრი არაა.

მოქმედი კანონმდებლობით, საქსტატის საბჭო შედგება 7 წევრისგან და მისი თავმჯდომარისგან. საბჭოს 8 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე.

რაც შეეხება დირექტორის უფლებამოსილებას, კანონპრეოქტის მიხედვით, დირექტორს ექნება სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიების დამტკიცებისა და შემოღების უფლებამოსილება. შესაბამისად, მას აქვს უფლება, გამოსცეს ნორმატიული აქტები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. მოქმედი კანონმდებლობით კი, აღნიშნული სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიების დამტკიცებისა და შემოღების უფლება საქსტატის საბჭოს ეკისრებოდა.

ასევე, აღმასრულებელ დირექტორს გადაეცემა საქსტატის საბჭოს სტატისტიკური მეთოდოლოგიების დამტკიცების/აღიარების ფუნქცია.

ამასთან, მას ექნება უფლებამოსულება, შექმნას საქსტატის მრჩეველთა საბჭო და სხვა საკონსულტაციო ორგანოები, რომელთა ფუნქცია სტატისტიკურ საკითხებზე აღმასრულებელი დირექტორისთვის რეკომენდაციების და კონსულტაციების გაწევაა. კანონპროექტის განამრტებით ბარატში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ორგანოების გადაწყვეტილებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

აღმასრულებელი დირექტორი აირჩევა 4 წლით, მხოლოდ ორი ვადით. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ის არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და ეწეოდეს ნებისმიერ პოლიტიკურ საქმიანობას.

ავტორები კანონპროექტის მიზნად ასახელებენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას, ასევე, ოფიციალური სტატისტიკის სფეროში კანონმდებლობის მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ კანონმდებლობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი