ახალი ამბები

წითლიძე: ხელისუფლებას სკოლაში კვების დანერგვის ორ გამოსავალს ვთავაზობთ

2 მაისი, 2023 • 2630
წითლიძე: ხელისუფლებას სკოლაში კვების დანერგვის ორ გამოსავალს ვთავაზობთ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძე ამბობს, რომ პარტიამ ხელისუფლებას შესთავაზა სკოლებში კვების მოგვარების ორი გამოსავალი. თუმცა, ამ დრომდე, მოქალაქეებს არ აქვთ პასუხი, როდის დაინერგება აღნიშნული პროგრამა სკოლებში.

პრობლემაზე საუბრისას წითლიძეს მაგალითად მოჰყავს რამდენიმე საერთაშორისო კვლევის შედეგი. მათ შორის, UNICEF-ის უახლესი დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება.

„საქართველოს მოქალაქეებს, მშობლებს და ბავშვებს სჭირდებათ პასუხი კითხვაზე, როდის დაიწყებს საქართველოს ხელისუფლება ან რას აკეთებს ის უფასო კვების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში“, – ამბობს წითლიძე.

წითლიძის განცხადებით, უფასო კვებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სამინისტროს პასუხია, რომ სკოლების 80%-ს სასადილო არ აქვს და საჭიროებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

„ჩვენ გთავაზობთ ორ გამოსავალს. პირველი, ეს არის ე.წ. „სქულ ქარდები“, რომელიც საჭიროებს ერთი ბავშვისთვის წელიწადში 680 ლარის გამოყოფას, რისი განხორციელებაც ჩვენ პირველკლასელებისთვის შევძელით წალენჯიხაში, და მეორე, ეს არის ე.წ. „ლანჩბოქსები“, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაც არის და შესაძლებელია, სკოლაში განხორციელდეს მიტანის სერვისით.

ხელისუფლებას გთავაზობთ, კონკრეტულ გამოსავალს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უფასო კვების პროგრამა დაინერგოს საჯარო სკოლებში სწრაფად და ხარისხიანად, თუ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება ექნება. 680 ლარი წელიწადში არის ის თანხა, რომლის დაფინანსებაც შესაძლებელია და საქართველოს ბიუჯეტი, სწორად გადანაწილების შემთხვევაში, ამის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა წითლიძემ.


ჯერ კიდევ უცნობია, როდის დანერგავს სახელმწიფო სკოლებში უფასო კვების პროგრამას, რომელზეც წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც მუშაობს.

ასევე უცნობია, უფასო კვების რა მოდელს შეარჩევს სახელმწიფო და რა დაუჯდება ის. ამ პროცესში განათლების სამინისტრო მარტო არ არის. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით სკოლებში უფასო კვების დანერგვის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოა შექმნილი. არც საბჭოსგან და არც რომელიმე სამინისტროსგან საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია პროგრამის შესახებ დეტალური გეგმა.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი