ახალი ამბები

ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ – მდინარაძე „ოცნების“ პარტნიორ პარტიაზე

30 აპრილი, 2023 • 2175
ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ – მდინარაძე „ოცნების“ პარტნიორ პარტიაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპის სოციალისტურ პარტიას(PES) ეხმიანება და ამბობს, რომ შესაძლოა მათთან ურთიერთობის გადახედვაზე თავად მმართველმა პარტიამ ისაუბროს.

ევროპის სოციალისტური პარტია(PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“, საქართველოს მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავს.

კერძოდ, ევროპის სოციალისტური პარტია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებითა და „ქართული ოცნების“ ქმედებებით. „ოცნების“ პარტნიორების შეშფოთებას იწვევს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია(CPAC), რომელშიც მონაწილეობასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილიც მიიღებს.

მდინარაძის თქმით, ყველაფერი ისედაც ნათელია, მაგრამ სჯობს, რომ ასეთი საკითხები იმ პოლიტიკურ ჯგუში გაირკვეს, რომლის პარტნიორიც „ოცნებაა“.

„ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, თუ ვიღაცისთვის მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ იღებდეს კონფერენციაში მონაწილეობას, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულის პატივისცემაზე, განვითარებაზე, მომავალზე, რწმენაზე და მის თავისუფლებაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა საუბარი. ამ საკითხებზე ლაპარაკისთვის თუ ჩვენ ვიღაცამ საიდანღაც უნდა გაგვრიცხოს, შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ურთიერთობის გადახედვაზე ნებისმიერთან. უნდა გვქონდეს ამისი თავი საქართველოში, რომ ამაზე ღიად ვილაპარაკოთ. ყველა ჯგუფის უფლებებს ვიცავთ და გვაქვს ხისტი პოზიცია, მაგრამ თუ რაღაც ჯგუფების, პროპაგანდას არ ვეწევით და ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამის გამო არავინ არ უნდა იფიქროს საიდანღაც გარიცხვაზე და სხვა სახის მუქარაზე.

ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, იქამდე იქნებ დაგველაპარაკონ რაშია საქმე. ისედაც ნათელია ყველაფერი, მაგრამ მაინც ჯობია, ასეთი საკითხები იმ პოლიტიკურ ჯგუფში გაირკვეს, სადაც სხვადასხვა პარტიები შედიან მათ შორის „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარ ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ პარტნიორებთან კონსულტაციები ექნებათ.

„ვერავითარ ანტიდასავლურ პოლიტიკაზე ვერ იქნება საუბარი, ღონისძიება, რომელიც იმართება უნგრეთში არ შეიცავს არავითარ ანტიდასავლურ შინაარსს, ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა. აქედან გამომდინარე მხოლოდ სპეკულაციები შეიძლება მოვისმინოთ ამ თემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არავითარი საფუძველი, რომ ვინმემ იმსჯელოს ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკაზე არ არსებობს. გვექნება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის სოციალისტური პარტიის ცნობით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელთა წევრობასთან დაკავშირებით საკითხი ჯერ კიდევ მარტში PES-ის პრეზიდენტის სტეფან ლოფვენმის მიერ წამოიჭრა. ეს ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღებას აპირებდა.

PES-ის ცნობით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის გადახედვას ივნისში განიხილავენ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.„ასოშიეტიდ პრესის“ თანახმად, ორდღიანი კონფერენცია ასახავს კავშირების გაღრმავებას ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის ავტოკრატიულ მთავრობას შორის.კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია, უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“ უმასპინძლა. CPAC-უნგრეთის ვებ-გვედის თანახმად, ღონისძიება ორიენტირებული იყო „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე. წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი