ახალი ამბები

ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობის გამო ფონ კრამონი „ოცნების“ პარტნიორებს მიმართავს

27 აპრილი, 2023 • 2002
ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობის გამო ფონ კრამონი „ოცნების“ პარტნიორებს მიმართავს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას.

ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას მიმართავს კითხვით, რამდენად სწორია საქართველოს მმართველ პარტიასთან ალიანსი.

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) დამკვირვებელი წევრია, რომელიც ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსშია (S&D) წარმოდგენილი.

„ნახეთ? თქვენი პარტნიორი ქართული პარტია მართავს კამპანიას სტივ ბანონის ულტრამემარჯვენე ბანაკთან  და სხვებთან ერთად უნგრეთში… დარწმუნებული ხართ, რომ ეს არის სწორი ალიანსი „პროგრესული“ პარტიისთვის?“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.

„ასოშიეტიდ პრესის“ თანახმად, ორდღიანი კონფერენცია ასახავს კავშირების გაღრმავებას ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის ავტოკრატიულ მთავრობას შორის.

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია, უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“ უმასპინძლა. CPAC-უნგრეთის ვებ-გვედის თანახმად, ღონისძიება ორიენტირებული იყო „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე. წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი