ახალი ამბები

ზელენსკისა და სი ძინპინს შორის I საუბარი შედგა ომის დაწყების შემდეგ

26 აპრილი, 2023 • 4188
ზელენსკისა და სი ძინპინს შორის I საუბარი შედგა ომის დაწყების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს არის ლიდერების პირველი საუბარი.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.

საუბრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სი ძინპინთან ხანგრძლივი და შინაარსიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„მჯერა, რომ ეს სატელეფონო საუბარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, – დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.

თავის მხრივ, ჩინური გამოცემა Xinhua იტყობინება, რომ სი ძინპინი ზელენსკის არწუმენებდა დიალოგისა და მოლაპარაკებების წარმოების აცუილებლობაში.

„დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი ეფექტური გამოსავალია უკრაინის კრიზისიდან, ბირთვულ ომში ვერავინ გაიმარჯვებს“, – წერს Xinhua.

20-22 მარტს სი ძინპინი რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.  სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის და ჩინეთის მიერ  ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელიც უკრაინას ეხებოდა.

განცხადება მოუწოდებს „სამშვიდობო მოლაპარაკებებისა“ და „პასუხისმგებლობიანი დიალოგისკენ“, ასევე, აკრიტიკებს ნატოს და „ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით“.  გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს. ამიტომ საერთაშორისო სანქციები დაწესებულია ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა ქვეყნების მიერ არა გაეროს ფორმატში.

მოსკოვი უკრაინის კრიზისზე ჩინეთის პოზიციას „ობიექტურად“ და „მიუკერძოებლად“ აფასებს. რუსეთი მიესალმება პეკინის მზადყოფნას, პოზიტიური როლი ითამაშოს უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების საქმეში და ჩინური მხარის მიერ შედგენილ დოკუმენტში „ჩინეთის პოზიციის შესახებ უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარების შესახებ“ ჩამოყალიბებულ „კონსტრუქციულ იდეებს“.

ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე წარმოადგინა 12-პუნქტიანი ხედვა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი