საზოგადოება

სი ძინპინის ვიზიტი დასრულდა — რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და ჩინეთი?

22 მარტი, 2023 • 2309
სი ძინპინის ვიზიტი დასრულდა — რაზე შეთანხმდნენ რუსეთი და ჩინეთი?

დასრულდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სამდღიანი ვიზიტი რუსეთში, რომელსაც პეკინმა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის მოგზაურობა“ უწოდა. ეს იყო ჩინეთის ლიდერის პირველი უცხოური სახელმწიფო ვიზიტი მას შემდეგ, რაც მესამე ვადით ძალაუფლება განიმტკიცა. ასევე, პირველი საერთაშორისო ვიზიტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულში ეჭვმიტანილ ვლადიმერ პუტინთან, მისი საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავების ფონზე.

რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა 14 დოკუმენტს, მათ შორის, ერთობლივ განცხადებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ახალ ეპოქაში და ერთობლივ განცხადებას 2030 წლამდე რუსულ-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკვანძო სფეროების განვითარების გეგმის შესახებ.

„მიუხედავად პანდემიისა და სანქციების ზეწოლის შედეგებისა, 2022 წელს [რუსეთ-ჩინეთის] ვაჭრობამ ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს — 185 მილიარდი დოლარს — მიაღწია. მოსალოდნელია, რომ წელს რუსეთი და ჩინეთი არა მხოლოდ მიაღწევენ 200 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობას, რომელზეც რამდენიმე წლის წინ შევთანხმდით, არამედ გადააჭარბებენ კიდეც“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ორი ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის გაღვივების დამატებით შესაძლებლობებად დაასახელა პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის გაერთიანება და ჩინეთის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის, ბუნებრივი აირის, მათ შორის, LNG გაზის, ქვანახშირისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელია. პუტინის თქმით, რუსულ ბიზნესს შეუძლია, დააკმაყოფილოს ჩინეთის ეკონომიკის მზარდი მოთხოვნა ენერგორესურსებზე.

კრემლის ცნობით, რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ორი მესამედი რუბლში და იუანში ხდება. პუტინის თქმით, ის მომხრეა ჩინური იუანის გამოყენების რუსეთის ფედერაციასა და აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის.

ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ჩინურ ბიზნესს რუსეთიდან წასული დასავლური ობიექტების ჩანაცვლებაში. ასევე, შესთავაზა სტრატეგიული დარგობრივი პარტნიორობა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ქსელური უსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მოსკოვში. ფოტო: კრემლი

განცხადებაში ნახსენები არ არის ჩინეთის სამხედრო დახმარება რუსეთისადმი, თუმცა Financial Times კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ჩინეთს ბუნებრივ რესურსებს სთავაზობს სწორედ მხარდაჭერის სანაცვლოდ, რასაც მოსკოვი კრიტიკულად მიიჩნევს უკრაინაში ომის გაგრძელებისთვის. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი რუსეთში აგზავნის თავდასხმით იარაღს და ჯავშანს. ამას პეკინი უარყოფს. New York Times-ის ცნობით, რუსეთმა ჩინეთისგან შეიძინა 12 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დრონი და დრონის ნაწილები.

„მოვლენების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ჩვენ სრულად ვიქნებით ჩინეთის რესურსების კოლონია. ჩვენი სერვერები იქნება Huawei-სგან. ჩინეთი გაზს მიიღებს „ციმბირის ძალის“ მეშვეობით. 2023 წლის ბოლოსთვის იუანი იქნება ჩვენი ვაჭრობის მთავარი ვალუტა“, — ამბობს FT-ის წყარო რუსეთის ხელისუფლებიდან.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთ-რუსეთის მჭიდრო ურთიერთობების განვითარების ლოგიკა იმ ფაქტით აიხსნება, რომ ისინი ყველაზე დიდი მეზობელი ქვეყნები არიან. მან პუტინს „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა, შეაქო მისი წვლილი „რუსეთის წარმატებაში“ და გამოთქვა რწმენა, რომ რუსი ხალხი მხარს დაუჭერს პუტინს შემდეგ არჩევნებშიც.

„მომავალ წელს არჩევნები გექნებათ. დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი მხარს დაგიჭერთ“, — განაცხადა მან.

2023 წელს რუსეთში რეგიონული არჩევნები ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნები კი 2024 წელს არის დაგეგმილი.

უკრაინის საკითხი

მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის და ჩინეთის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება უკრაინის კრიზისსაც ეხება. განცხადება მოუწოდებს „სამშვიდობო მოლაპარაკებებისა“ და „პასუხისმგებლობიანი დიალოგისკენ“, ასევე, აკრიტიკებს ნატოს და „ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით“. შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს ვეტოს უფლება აქვს. ამიტომ საერთაშორისო სანქციები დაწესებულია ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა ქვეყნების მიერ არა გაეროს ფორმატში.

მოსკოვი უკრაინის კრიზისზე ჩინეთის პოზიციას „ობიექტურად“ და „მიუკერძოებლად“ აფასებს. რუსეთი მიესალმება პეკინის მზადყოფნას, პოზიტიური როლი ითამაშოს უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების საქმეში და ჩინური მხარის მიერ შედგენილ დოკუმენტში „ჩინეთის პოზიციის შესახებ უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარების შესახებ“ ჩამოყალიბებულ „კონსტრუქციულ იდეებს“.

ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე წარმოადგინა 12-პუნქტიანი ხედვა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ. გეგმა მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა
  • ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა
  • საომარი მოქმედებების შეწყვეტა
  • სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება
  • ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება
  • მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა
  • ატომური ელექტროსადგურების დაცვა
  • სტრატეგიული რისკების შემცირება
  • მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა
  • ცალმხრივი სანქციების შეჩერება
  • სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება
  • პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პეკინის ხედვის რაღაც პუნქტები მისთვის მისაღებია, სხვებს არ ეთანხმება. თუმცა მან ჩინეთის პრეზიდენტთან საუბრის მზადყოფნა გამოთქვა. მოგვიანებით უკრაინამ დიპლომატიური არხებით გაუგზავნა პეკინს მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს კიევის სამშვიდობო ფორმულაში, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე წამოაყენა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ითვალისწინებს. უკრაინელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, მიმდინარეობს დისკუსიები ჩინეთთან, რათა სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგეს.

გამოხმაურებები სი ძინპინის ვიზიტზე

უკრაინის სხვა მოკავშირეები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ შესაძლოა, ჩინეთმა იარაღი მიაწოდოს რუსეთს. ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, არ უნახავთ რამე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი აწვდის ლეტალურ იარაღს რუსეთს, არის გარკვეული ნიშნები, რომ ეს იყო რუსეთის მოთხოვნა, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის ლიდერის ვიზიტი „დიპლომატიური საფარის“ ტოლფასია რუსული ომის დანაშაულებისთვის.

თეთრი სახლის,ასევე, ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებაა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთიანდებიან მიზნის გარშემო, ააშენონ თავიანთი ავტოკრატიული მსოფლიო წესრიგი შეერთებული შტატების გლობალური გავლენის წინააღმდეგ.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ პეკინი და მოსკოვი აძლიერებენ ურთიერთობებს დიდწილად იმის გამო, რომ ორმხრივი ინტერესი აქვთ აშშ-ის წინააღმდეგ. მან ასევე არ მიიჩნია ჩინეთი მიუკერძოებელ აქტორად უკრაინის ომთან დაკავშირებით.

”მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ შეგიძლიათ გონივრულად შეხედოთ ჩინეთს, როგორც მიუკერძოებელს”, — თქვა ჯონ კირბიმ.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჩინეთში გარი ლოკმა სამშაბათს განაცხადა, რომ Xi-სა და პუტინის მოლაპარაკებები საფუძვლად დაედო ორივე ერის ორმხრივ მტრობას აშშ-ის ძალაუფლების მიმართ.

„ჩინეთი ცდილობს წარმოაჩინოს თავი ახალ ძალად, რომელიც ებრძვის დასავლურ ძალებს ან დასავლურ წესრიგს. ჩინეთი და მრავალი სხვა ქვეყანა, რომლებიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად ბევრად უფრო ძლიერდებიან, გრძნობენ, რომ მათ უწევთ შეერთებული შტატებისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ დადგენილ წესებისთვის დამორჩილება. და ფიქრობენ, რომ უნდა თქვან თავიანთი სიტყვა სახელმწიფოების კლუბის ე.წ. წესდებაში“, — განაცხადა ლოკმა CNN-ის Inside Politics-ში.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ არ არის გაკვირვებული დასავლეთის ქვეყნების „მტრული“ რეაქციით ჩინეთის ლიდერის ვიზიტზე.

„რაც შეეხება კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების რეაქციას, ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა საკითხზე ეს რეაქცია არამეგობრული, ღრმად მტრული ხასიათისაა, არავისთვის საიდუმლო არ არის. არც ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის გაშუქებაა გამონაკლისი. მთავარია არა დასავლეთის რეაქცია, არამედ ეს არის მოლაპარაკებების შედეგები, რაც შედგა“, — თქვა მან.

იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიევში; 2023 წლის 21 მარტი. ფოტო: EPA-EFE/სერგეი დოლჟენკო

სი ძინპინის მოსკოვური ვოიაჟი წარიმართა იაპონიის ლიდერის უკრაინაში ვიზიტის პარალელურად. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო ფუმიო კიშიდა და სხვა ლიდერები, რომლებიც სტუმრობენ უკრაინას და „პატივს სცემენ ცივილიზებული წესების შენარჩუნებას მსოფლიოში“.

„კიშიდა თავისუფლების გვერდით დგას, ხოლო სი ძინპინი — ომის დამნაშავესთან“, — დაწერა აშშ-ის ელჩმა იაპონიაში რამ ემანუელმა ევროპა-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორ განსხვავებულ მაგალითზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი