ახალი ამბები

ერდოღანი ინტერვიუს დროს ცუდად გახდა[ვიდეო]

26 აპრილი, 2023 • 1393
ერდოღანი ინტერვიუს დროს ცუდად გახდა[ვიდეო]

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამშაბათის საღამოს, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ცუდად გახდა. ამის გამო პირდაპირი ეთერი დროებით შეწყდა.

25 აპრილის საღამოს თურქეთის პრეზიდენტი ადგილობრივი ტელეარხების, Ülke TV-სა და Kanal 7-ის ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სატელევიზიო პროგრამა, რომელიც საპრეზიდენტო კომპლექსიდან გადაიცემოდა, დაგეგმილზე 1.5 საათით გვიან, 23:30 საათზე დაიწყო.

ერდოღანს შეკითხვას უსვამდა Ülke TV-ს წარმომადგენელი, ჰასან ოზთურქი. როცა შენიშნა, რომ პრეზიდენტი ცუდად იყო, ჟურნალისტმა რეკლამაზე გასვლა ითხოვა.

მოგვიანებით, 69 წლის ერდოღანმა თქვა, რომ გადატვირთული საარჩევნო კამპანიის დროს გასტროენტეროლოგიური პრობლემა განუვითარდა.

“ბუნებრივია, ჩვენ დროდადრო ვაწყდებით მსგავს პრობლემებს ასეთი გადატვირთული გრაფიკის ფონზე”, — დასძინა ერდოღანმა რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ეთერში დაბრუნდა.

ინციდენტის შემდეგ დადასტურდა ერდოღანის კამპანიის განრიგი ოთხშაბათისთვის, რომლის თანახმადაც იგი უნდა ჩავიდეს ცენტრალური თურქეთის სამ სხვადასხვა პროვინციაში. ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ თქვა, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.

სხვებთან ერთად, ერდოღანს ჯანმრთელობა უსურვეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, მისმა მთავარმა კონკურენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში.

თურქეთში არჩევნები 14 მაისს უნდა გაიმართოს.

მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შეკრა ალიანსი.  მათ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ოპოზიციას რეალისტური შანსი აქვს ერდოღანის წინააღმდეგ, რომელმაც თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადაიყვანა და მეტად გაიფართოვა ძალაუფლება.

ის 20 წელია, ქვეყანას მართავს.

ერდოღანის პოპულარობაზე უარყოფითად აისახა როგორც ინფლაცია და თურქული ლირის გაუფასურება, ისე სახელმწიფოს რეაგირების ხარისხი თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი