ახალი ამბები

30-ზე მეტი ორგანიზაცია აქონდროპლაზიის წამლის დაფინანსების მოთხოვნით პრემიერს მიმართავს

25 აპრილი, 2023 •
30-ზე მეტი ორგანიზაცია აქონდროპლაზიის წამლის დაფინანსების მოთხოვნით პრემიერს მიმართავს

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ამის საილუსტრაციოდ საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კოდექსსა და გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას იშველიებენ.

  • მოქალაქეს აქვს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე (საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი);
  • ბავშვს აქვს უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული (ბავშვის უფლებათა კოდექსი მუხლი 11);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ სიცოცხლისა და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება (გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია- მუხლები: 10 და 25).

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ წელიწად-ნახევარია, რაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ცდილობენ მიაწვდინონ ხმა ჯანდაცვის სისტემას და მთავრობას, დაფინანსდეს მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი Voxzogo Vosorotide.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ გამოიძებნა დიალოგისა და თანამშრომლობის გზები, რის გამოც დედებმა ჯერ ჯანდაცვის სამინისტროში გამართეს საპროტესტო აქციები, ხოლო როცა თანამშრომლობის ყველა გზა გადაიწურა, უკვე მეშვიდე დღეა, რაც მთავრობის კანცელარიასთან მართავენ უწყვეტ მშვიდობიან აქციას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნულ სამკურნალო პრეპარატს 2021 წელს „ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ“ (FDA) მიანიჭა ავტორიზაცია, რაც მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ადასტურებს. მათი თქმით, ამავე წელს მედიკამენტი შეაფასა და ავტორიზაცია მიანიჭა „ევროპის მედიცინის სააგენტომ“ (EMA):

„ამ ორი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ ავტორიზაციის მინიჭება ცალსახად მეტყველებს მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. ცხადია, ყველა მედიკამენტის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი მართვა და ყველას აქვს გვერდითი ეფექტები, რაც სათანადო მართვის პირობებში უნდა დარეგულირდეს და ეს არ გახდეს მედიკამენტის შემოტანაზე უარის თქმის მიზეზი.
აღნიშნული პრეპარატი ეფექტურია ბავშვობის ასაკში, სანამ ორგანიზმი ზრდას დაასრულებს“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორების თქმით, მედიკამენტის საშუალებით საგრძნობლად გაიზრდება ბავშვთა ფუნქციონირების დონე, არ შეექმნებათ ჯანმრთელობის ისეთ სახიფათო პრობლემები, როგორიცაა:

  • ჰიდროცეფალია
  • კრანიო-ცერვიკალური კომპრესია
  • ძილის ობსტრუქციული აპნოე
  • ხერხემლის სვეტის დეფორმაციები
  • სპინალური სტენოზი
  • შუა ყურის დაავადებები და ა.შ.

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები კარგად იაზრებენ იმ რეალობას, რომლის წინაშეც დგანან, ხედავენ საკუთარი მშობლების ბრძოლასა და დარდს, რაც ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს ბავშვებს:

„მათ იციან, რომ არსებობს რეალური მედიკამენტი, რაც თითოეულის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის უკეთესობისკენ, და უწევთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა მშობლების განცდების გაზიარებასთან ერთად. მათი პირადი შეგრძნებები და ემოციები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  • ასოციაცია ანიკა
  • ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
  • ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  •  ა/ო “მზის შვილები”
  • აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების კავშირი
  •  ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  • შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
  • თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  • ნათია გოგოლაშვილი – დამოუკიდებელი აქტივისტი
  •  შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
  • სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია
  •  ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაცია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ა/ო “ვიმეგობროთ”
  • მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
  •  ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  • შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თანასწორობისთვის
  • საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
  • შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი’’
  •  ააიპ მოვუსმინოთ სამყაროს”
  • სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი (შშმ პირთა ასოციაცია)
  • ა(ა)იპ საქართველოს ყრუთა კავშირი
  •  ა(ა)იპ მშობელთა კავშირი “ჩვენი შვილები”
  • გურჯაანის შშმ პირთა მშობელთა ასოციაცია
  • ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  •  ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  • ფონდი “აურეს”
  • ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  • ქართულ-ამერიკული აუტიზმის ცენტრი “ლოლიპოპი”

მასალების გადაბეჭდვის წესი