ახალი ამბები

„წამალი ბავშვებს“ — მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნით მსვლელობა მიმდინარეობს

25 აპრილი, 2023 •
„წამალი ბავშვებს“ — მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნით მსვლელობა მიმდინარეობს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც რამდენიმე თვეა შვილებისთვის მედიკამენტის დაფინანსებას ითხოვენ, მხარდამჭერებთან ერთად თბილისში მსვლელობას მართავენ.

„წამალი ბავშვებს“, „სოლიდარობა ბავშვებს“ — სკანდირებდნენ მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატ Voxzogo-ს ქვეყანაში შემოტანას და სახელმწიფოსგან მის დაფინანსებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც აქცია გრძელდება.

პროტესტის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ და საქართველოში მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანასა და სახელმწიფოს დაფინანსებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დედები უკვე ერთი კვირაა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 24- საათიან რეჟიმში იმყოფებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მშობლების მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აპრილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, რადგან საუბარია დაახლოებით 10 მილიონზე. თუმცა მთავრობა ამ ნაბიჯს ჯერ არ გადადგამს, რადგან მას პრეპარატის შემოსატანად დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.

საუბარია პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვიზოდორიტით), რომელსაც 2021 წელს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა. ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ. მშობლები ამბობენ, რომ მისი მიღება ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ დრომდე, კერძოდ – 18 წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი