ახალი ამბები

არჩევნებამდე თურქეთში მასობრივად დააკავეს პრო-ქურთული ორგანიზაციების წევრები

25 აპრილი, 2023 • 1087
არჩევნებამდე თურქეთში მასობრივად დააკავეს პრო-ქურთული ორგანიზაციების წევრები

არჩევნებამდე 3 კვირით ადრე, თურქეთის პოლიციამ ჟურნალისტები, აქტივისტები და პოლიტიკოსები დააკავა. სახელმწიფო მედიის თანახმად, საუბარია 126 პირზე, რომელთაც ტერორიზმთან კავშირებს ედავებიან.

თურქეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, 21 პროვინციაში დაკავებულ ათეულობით ადამიანს ადანაშაულებენ ქვეყნის ხელისუფლების მიერ აკრძალული “ქურთისტანის მუშათა პარტიის”(PKK) დაფინანსებასა და მის სასარგებლოდ ადამიანების გადაბირებაში.

გამოძიება კონცენტრირებული იყო დიდწილად ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში, რომელიც თურქეთის ქურთისტანის არაოფიციალურ დედაქალაქად მიიჩნევა.

თურქული დამოუკიდებელი სააგენტოს, Bianet-ის თანახმად, 25 აპრილის დილას დაკავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, იურისტები და თეატრის მსახიობები. სააგენტოს ცნობით, მიზანში ძირითადად ამოიღეს პრო-ქურთული ორგანიზაციების წევრები.

პრო-ქურთული “ხალხთა დემოკრატიული პარტიის”(HDP) განცხადებით, რომელიც სიდიდით მესამე პარტიაა თურქეთის პარლამენტში, დაკავებები არჩევნებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად:

პარტიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ადვოკატები, რომელთაც შეეძლოთ არჩევნების უსაფრთხოებაზე დაკვირვება; დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც პოტენციურ გაყალბებას გააშუქებდნენ და თავად HDP-ს წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.

თურქეთის ხელისუფლება ქურთ პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და სხვებს ხშირად აკავებს PKK-სთან კავშირის ბრალდებებით, რომელიც თურქეთს, აშშ-სა და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვთ აღიარებული.

წლების მანძილზე დაკავებულთა შორისაა HDP-ს ათასობით წევრი, მათ შორის, პარტიის ყოფილი ლიდერი სელაჰათინ დემირთაში. 2019 წელს ხელისუფლებამ პარტიის სახელით არჩეული არაერთი მერი ტერორიზმის ბრალდებებით თანამდებობიდან გადააყენა. თავად HDP ბრალდებებს უარყოფს და დევნაზე საუბრობს.

თურქეთში არჩევნები 14 მაისს უნდა გაიმართოს.

მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შეკრა ალიანსი.  მათ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუა.

პრო-ქურთული HDP ხსენებული ალიანსის წევრი არ არის, თუმცა ტაქტიკურად მხარი დაუჭირა ქილიჩდაროღლუს და უარი თქვა, დაეყენებინა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ოპოზიციას რეალისტური შანსი აქვს ერდოღანის წინააღმდეგ, რომელმაც თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადაიყვანა და მეტად გაიფართოვა ძალაუფლება. ის 20 წელია, ქვეყანას მართავს.

ერდოღანის პოპულარობაზე უარყოფითად აისახა როგორც ინფლაცია და თურქული ლირის გაუფასურება, ისე სახელმწიფოს რეაგირების ხარისხი თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებისადმი.

ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ერდოღანსა და მის პარტიას ადანაშაულებს თურქეთის მილიონობით ქურთის სტიგმატიზებაში ტერორიზმის ბრალდებებით, ერდოღანი კი ქილიჩდაროღლუს “რესპუბლიკურ სახალხო პარტიას”(CHP) აკრიტიკებს პრო-ქურთულ HDP-სთან “ფარული” თანამშრომლობისთვის.

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთ დღეს ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო კენჭისყრის მონაწილე ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს ხმათა 50%-ზე მეტს, მეორე ტური უნდა დაინიშნოს.

PKK-სთან კავშირების ბრალდებით თურქეთის პროკურატურას სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი HDP-ის დახურვის მოთხოვნით. დახურვის რისკების ფონზე, HDP-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისი კანდიდატები სხვა პარტიის, “მწვანე მემარცხენე პარტიის” სახელით წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი