ახალი ამბები

პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა გვარამიას – ჰერჩინსკი

24 აპრილი, 2023 • 770
პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა გვარამიას – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

ამის შესახებ მან დღეს, 24 აპრილს, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია.

„პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის მედიის თავისუფლების დაცვა, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ჩვენ ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს ძალიან დიდი ყურადღებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ [„მთავარი არხის“ თარგმანი].

ნიკა გვარამიას პატიმრობა

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი