ახალი ამბები

მზად ვარ, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს – ხაბეიშვილი

21 აპრილი, 2023 • 1980
მზად ვარ, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს – ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მზადაა, ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დაუდგეს.

ამის შესახებ ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არანაირი სამართლებრივი საფუძველი 21 წლის ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს! მოწმეებზე, ანუ “რობოკოპებზე”, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე 21 წლის ლაზარე ზემოქმედებას, ზეწოლას ვერ განახორციელებს. მისი მიმალვაც გამორიცხულია, მით უმეტეს, უმარტივესია, რომ აკონტროლონ მისი ქვეყნიდან გასვლის საკითხი და ასევე, აბსოლუტურად შესაძლებელია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამაჯურით მოხდეს მისი გათავისუფლება.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის პირობებში, მზად ვარ, მე, ლევან ხაბეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს …“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას  რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი