ახალი ამბები

ავტობანის მშენებელი კომპანია გაფიცულ მძღოლებს პასუხობს

20 აპრილი, 2023 • 4357
ავტობანის მშენებელი კომპანია გაფიცულ მძღოლებს პასუხობს

რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებელი კომპანია სატვირთო ავტომობილის მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია ამტკიცებს, რომ დასაქმებულებს ხელშეკრულებით აქვთ განსაზღვრული როგორც სამუშაო დრო, ასევე ანაზღაურება, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო ავტომობილების მძღოლები ორი დღეა, რაც გაფიცულები არიან. მძღოლებმა საპროტესტო აქცია დღეს, 20 აპრილს, კომპანიის ოფისის წინ მოაწყვეს და მოითხოვეს შრომითი პირობების გაუმჯობესება, ასევე, ანაზღაურების გაზრდა.

China State Construction Engineering Corporation Limited სატვირთოს მძღოლების მოთხოვნებს რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. ნეტგაზეთი კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი კომპანია, China State Construction Engineering Corporation Limited, რომელიც აშენებს რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთს, დასაქმებულებს საქართველოს შრომით კანონმდებლობასთან შესაფერის პირობებს უქმნის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ დასაქმებულებისთვის მისაღები და უსაფრთხო შრომის პირობები.

ჩვენი შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებებით, სადაც განსაზღვრულია როგორც სამუშაო დრო, ასევე ანაზღაურება, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

ამასთანავე, ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული, ამისთვის დაქირავებული გვყავს შრომის უსაფრთხოების ექსპერტებიც, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ მონიტორინგს და გასცემენ რეკომენდაციებს შრომის უსაფრთხოების პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებსაც მუდმივად ვითვალისწინებთ.

ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრეტენზია წარმოადგინონ კომპანიის მენეჯმენტთან, ნაცვლად მედიასაშუალებებთან დაუსაბუთებელი და კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადებებისა.

კომპანია აუცილებლად განიხილავს დასაქმებულების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს, რათა მივიდეთ ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებამდე“,- ნათქვამია კომპანიის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„9 საათი ვმუშაობთ, დღეში 33 ლარად“ – რიკოთის მშენებლობაზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი