საზოგადოება

„9 საათი ვმუშაობთ, დღეში 33 ლარად“ – რიკოთის მშენებლობაზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ

20 აპრილი, 2023 • 10080
„9 საათი ვმუშაობთ, დღეში 33 ლარად“ – რიკოთის მშენებლობაზე მომუშავე მძღოლები გაიფიცნენ

რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული სატვირთო ავტომობილების მძღოლები გაიფიცნენ. დასაქმებულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ.

„ორი დღეა გაფიცულები ვართ. ვითხოვთ  8-საათიან სამუშაო გრაფიკს და დღეში შრომის ანაზღაურებას 50 ლარს. ახლა ვმუშაობთ 9 საათს და გვაქვს 33 ლარი“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ რამაზ ტაბატაძემ, ის რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, სატვირთო მანქანაზე მუშაობს.

ხევი-ჩუმათელეთი ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია. აქ განვითარებული  მეწყრული პროცესების და ქვათაცვენის გამო რამდენიმე დღე იყო აკრძალული რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მიმოსვლა.

ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი ყვება, რომ დაცული არაა შრომის უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, მძღოლის თქმით, „12-ტონიანი მანქანით 50-60 ტონა ტვირთი“ დააქვთ.

გაფიცული მძღოლები ამბობენ, რომ მუშაობას მანამ არ განაახლებენ, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

გაფიცული მძღოლები ჩინეთის სამშენებლო კორპორაციაში არიან დასაქმებული. ეს კომპანია რიკოთზე ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთს აშენებს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. დეპარტამენტის ცნობით, მშენებელი კომპანია წერილობით განცხადებას ამზადებს, სადაც მათი პოზიცია იქნება წარმოდგენილი.

ამავე თემაზე:

ავტობანის მშენებელი კომპანია გაფიცულ მძღოლებს პასუხობს

მთავარი ფოტო: გაფიცული სატვირთოს მძღოლები. ფოტოს ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი