ახალი ამბები

მთავრობა უარყოფს, რომ მის გამო გადაიდო ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში

13 აპრილი, 2023 •
მთავრობა უარყოფს, რომ მის გამო გადაიდო ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში

საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობას, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის მხრიდან “ხელოვნურად გაჭიანურებული” თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო.

მთავრობის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან “ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება”.

“საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება.

ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს, მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით”, — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, “პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით”.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა.

შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა”, — ამბობენ მთავრობაში.

სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, სიტყვით უნდა გამოსულიყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, “უმნიშვნელოვანესი ვიზიტი” ქალაქ სტრასბურგში “ნაბიჯი უნდა ყოფილიყო დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით”.

“ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში 18 აპრილს იგეგმებოდა.

პრეზიდენტი სტრასბურგში ვიზიტის გადადების გამო მთავრობას ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი