ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვა: თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება

10 აპრილი, 2023 • 1642
საყოველთაო ჯანდაცვა: თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება

საქართველოს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარს აწესებს. პრესსამსახურის ცნობით, შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილების შესახებ 10 აპრილს, მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

მთავრობის ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისთვის, რომელსაც თანაგადახდის სისტემა ფარავს, პენსიონერს 500 ლარზე მეტის გადახდა არ მოუწევს. იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მომსახურების საფასურის 10% 500 ლარზე მეტია, პენსიონერი მაინც 500 ლარს გადაიხდის, დანარჩენს კი სახელმწიფო დააფინანსებს.

ანალოგიურად, 0-5 წლის ბავშვებისთვის, შშმ ბავშვებისთვის, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის ზედა ზღვარი 20% იქნება, თუმცა, არაუმეტეს 1000 ლარისა.

საბაზისო პაკეტით მოსარგებლეებისთვის(მინისტრის განმარტებით, პირები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი დაახლ. 3 500 ლარზე ნაკლებია), ზღვარი 30% იქნება, არაუმეტეს — 1 500 ლარისა.

ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, იხსნება საბაზისო პაკეტის ფარგლებში დაწესებული ლიმიტები — 500 და 1000 ლარი.

ცვლილებებს სახელმწიფო ხსნის “პაციენტების ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის” მიზნით.

მისივე ცნობით, დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც  “მიზნად ისახავს არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი