ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარადგინა

10 აპრილი, 2023 • 1264
ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარადგინა

დღეს, 10 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარადგინა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კლინიკა აშენდა და ფუნქციონირებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და აღნიშნავენ, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გამომდინარე აქედან, არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, პრეზენტაციაზე წარადგინეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წელს ჩატარბული კვლევა, რომლის მიხედვითაც, უწყების თქმით, სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2022 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც მწვავე ავარიული:

„არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“. რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და იქ არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე, ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას“, — ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის დასახელდა. სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე, კლინიკური და ფინანსური გამოწვევები

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციაზე 2025 წლისთვის, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესის შესახებ. თუმცა,ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ პროცესის დაწყება რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ რეაბილიტციის მიმდინარეობისას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები დასაქმდებიან სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში, ან მშენებლობის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.

„ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნებს მიიღებენ. მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უწყება ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ელოდება. მისი თქმით, კვლევებს ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით ამზადებენ:

„ჩვენ სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ველოდებით საბოლოო დასკვნებს, ხოლო ის ჩვენი შეფასებები და კომენტარები იყო პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია თუ სართულების ცვლილება“ ,— აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ორი პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელთა შორისაც მოხდება არჩევანის გაკეთება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ერთი პროექტი არსებული შენობის რეაბილიტაციას გულისხმობს, მეორე კი, ახალი შენობის აშენებას:

„როგორც იცით, ორი პროექტის შედარება ხდება, დღეს ამ ეტაპზე ვართ, ხარჯთეფექტურობის კუთხით რომ დავასაბუთოთ, რომლის გაკეთებაა მიზანშეწონილი. არის გარკვეული დასკვნები არსებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და არსებული შენობის რეაბილიტაციის ხარჯი იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც დღეს სჭირდება შენობას.

ბიუჯეტი საკმაოდ მოცულობითია და 50 000 კვადრატული მეტრის მოცულობის შენობის რეაბილიტაციის თუ აშენების შემთხვევაში რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს, 100 მილიონზე მეტს გულისხმობს. ცალკეა კიდევ ტენქიკური აღჭურვისთვის საჭირო დაფინანსება“, — აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, მინისტრის თქმით, საჭირო თანხების ნაწილი შესაძლოა სისტემაშივე გამოიძებნოს კოვიდ დანაზოგების ხარჯზე. მინისტრის თქმით, ასევე დიდია დაინტერესება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებაში შემოსვლის თაობაზე.

რაც შეეხება დასაქმებულთა ხელფასებს, მინისტრის თქმით, საუბარია 900 თანამშრომელზე, რომელთა სახელფასო ფონდიც 1.5-დან 1.7 მილიონ ლარამდე მერყეობს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ვინაიდან კლინიკას არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ საკუთარი ხარჯები თავად დაფაროს, საავადმყოფოს მუშაობისთვის ამ თანხას სახელმწიფო იხდის.

„დღეს ისედაც ვწევთ ამ ხარჯს და ანალოგიური ხარჯის გაწევისთვის მზად ვართ მომავალშიც. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო და კერძო კლინიკებში უწყვეტობა რომ შეინარჩუნოს პერსონალმა, გვექნება შესაძლებლობა, დიდი ნაწილი გადანაწილდეს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, — ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

ნეტგაზეთი მინისტრის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით ესაუბრა რესპუბლიკური კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელ გიორგი დონდუას, რომელიც საავამყოფოში კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მისი თქმით, დღევანდელ პრეზენტაციას კლინიკის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ და სამინისტროსთან მოლაპრაკებებს გააგრძელებენ:

„მიმდინარეობს მჯელობა, მთავარია, მოლაპარაკებები დავიწყეთ. ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს ამბავი. მოლაპარაკებებში მონაწილეობა აუცილებელია“, — ამბობს გიორგი დონდუა. მისი თქმით, სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ შეხვედრები კლინიკაში დასაქმებულებთან გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი