ახალი ამბები

„ლაზარეს თავისუფლებისთვის!“ – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

8 აპრილი, 2023 • 4829
„ლაზარეს თავისუფლებისთვის!“ – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს, 8 აპრილს 20:00 საათზე პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები არიან: ევროპული საქართველო, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქციაზე სიმღერას შეასრულებენ ქართველი მუსიკოსები.

„რუსულ კანონზე უკანდახევის შემდეგ, რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო – ქართული სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან.

გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს!

8 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ ლაზარეს.
ადამიანის შავრაზმული დემონიზაციის მცდელობა, ბუმერანგად უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც ამას ცდილობს ! აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები“, – აცხდებენ აქციის ორგანიზატორები.

ლაზარეს მხარდასაჭერად თითო სიმღერას შეასრულებენ:

  • STEPHANE
  • აჩიკო გულედანი
  • ჯგუფი “დაგდაგანი”
  • ჯგუფი “წერილი”
  • LOUDSPEAKERS
  • გამოუვალი მდგომარეობა
  • შაბათ-კვირა

21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისას მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მას შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ თქვა, რომ მას ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს თმა, ასევე არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის უფლება და არ დაარეკვინეს ადვოკატთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ლაზარე გრიგორიადისს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი