ახალი ამბები

ოპოზიცია: ერთ-ერთ სკვერს ეწოდოს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელი

7 აპრილი, 2023 • 1110
ოპოზიცია: ერთ-ერთ სკვერს ეწოდოს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელი

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ერთ-ერთი სკვერისთვის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელის მინიჭებას მოითხოვენ. ამ თემაზე  საკრებულოში დღეს ბრიფინგი გაიმართა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე თვის წინ დააყენეს, თუმცა, მათი  მტკიცებით, საკითხი ხელოვნურად ჭიანურდება.

დღეს, 7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე „გირჩის“ წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველო ვერ ახერხებს უკრაინას „მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს, ძალიან მნიშვნელოვანია, სიმბოლურად მაინც გამოვხატოთ თანადგომა,“.

„ამის ფონზე უკრაინის საელჩო, მათ შორის ოპოზიციის წევრები, რამდენიმე თვეა სთხოვენ თბილისის მერიას, რომ ჩვენთან არსებულ რომელიმე უსახელო სკვერს მაინც დავარქვათ უკრაინაში დაღუპული ამ გმირების სახელები.

გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, რაღაც პრობლემები არსებობს, მაგრამ ჩვენ ამის არ გვჯერა, რადგან ერთხელაც ვერ ვნახეთ კახი კალაძე კიევში ჩასული,  ვერ ვნახეთ კიევში ჩასული პრემიერ-მინისტრი. მათ უჭირთ, სიმბოლურად გამოხატონ თანადგომა და, შესაბამისად, ეს პრობლემა მგონია გამოწვეული იმით, რომ ზოგადად, გვინდა, რუსეთს ენა მოვუჩლიქოთ. ამიტომ გვგონია, რომ არსებული პრობლემა არის გამოწვეული რაღაც პოლიტიკური დავალების გამო ან გვითხარით, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესს ხელს უშლის“, – აცხადებს ცოტნე კობერიძე.

ოპოზიციის ბრიფინგის საპასუხოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ.

„თბილისში აუცილებლად იქნება ქართველი და უკრაინელი გმირების მემორიალი და სკვერი იქნება თუ ქუჩა… ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს უკრაინის ელჩთან ერთად. ჩვენ გაქვს ინფორმაცია და უკრაინულმა მხარემაც განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩი დაინიშნება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასთან ერთად უნდა მოხდეს კონკრეტული ადგილების შეჯერება“,- თქვა გრიგოლიამ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი თქმით – „ჩემს კოლეგებს უბრალოდ ტელევიზორში გამოჩენა უნდათ, ეს არის და ეს“.

ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ საელჩომ თბილისის საკრებულოს მიმართა თხოვნით, ქუჩას უკრაინელი და ქართველი გმირების სახელი დარქმეოდა, რაზეც ამ უკანასკნელმა არ უპასუხა.

2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – თქვა მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამ დრომდე საქართველოში არ დანიშნულა უკრაინის ელჩი. ელჩის მოვალეობებს კი ანდრეი კასიანოვი ასრულებს.

წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი